სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში, საქართველომ გასულ წელთან მიმართებით პოზიციები 3 ადგილით გაიუმჯობესა და 82 ადგილზე გადაინაცვლა. საერთაშორისო შემფასებლებმა “მშვიდობის ფონდიდან” სულ 179 ქვეყანა იკვლიეს და ისინი 12 ინდიკატორის მიხედვით შეაფასეს. მათ შორისაა უსაფრთხოების აპარატი, ელიტური დანაწევრება, ადამიანის უფლებები, საჯარო სერვისები,დემოგრაფიული წნეხი და დევნილები. საქართველოზე შეფასება გაკეთდა ასევე ისეთი მაჩვენებლების მიხედვით, როგორიცაა საზოგადოებრივი ჯგუფების უკმაყოფილება, ეკონომიკა და ეკონომიკური უთანასწორობა, ემიგრაციის მაჩვენებელი, სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაცია და საგარეო ინტერვენცია.
ჩამოთვლილი 12 ინდიკატორიდან უცვლელი დარჩა ელიტური დანაწევრების მაჩვენებელი, გასული წლის მსგავსად იგი კვლავ 8.8 შეადგენს. კვლევაში ვკითხულობთ, რომ იმატა ემიგრაციის რიცხვმა და 6,5-დან 6.8-ს მიაღწია. რიცხვების მიხედვით კი სხვა კომპონენტებში ქვეყანას პროგრესი აქვს. 69,3 ქულით 82-ე ადგილზე გასვლა საქართველომ საკუთარ ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ოპოზიციაში თვლიან, რომ რეალობა გაცილებით რთულად გამოიყურება და მმართველ გუნდს საამაყო არაფერი აქვს.
რეიტინგის პრინციპის მიხედვით, სათავეში ყოფნა არამდგრადობის, რეიტინგის ბოლოში ყოფნა კი - სიმტკიცის მაჩვენებელია. შესაბამისად, 2024 წლის მიხედვით ქვეყნების რეიტინგში პირველ, მეორე და მესამე პოზიციაზე სომალი, სუდანი და სამხრეთ სუდანია, ხოლო ყველაზე მდგრადი ქვეყნების სამეული ნორვეგია, ფინეთი და ისლანდიაა.ზოგადად, სიის ყველაზე დაწინაურებული ნაწილი ევროკავშირის ქვეყნები არიან,რაც მათ სახელმწიფოებრივ სიმტკიცესა და ევროკავშირის წევრობის სარგებელზე მიუთითებს. მმართველი გუნდი შედეგით კმაყოფილია,ოპოზიციას კი შეფასებებს უწუნებს.
"მშვიდობის ფონდი" ტრანსეროვნულ კვლევით ცენტრს წარმოადგენს, რომელიც სახელმწიფოთა გლობალურ გამოკვლევას 2006 წლიდან ეწევა. რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევითი პროცესი საექსპერტო დადასტურებას ექვემდებარება - პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ინდიკატორებისა და 100-ზე მეტ ქვეინდიკატორზე დაყრდნობით.