რამდენიმე ათეული ათასი ლარის ზიანი მიაყენა გუშინდელმა ხანძარმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს. ხანძრის შედეგად პავილიონის ნაწილი და სტუდიური დეკორაციები დაიწვა. დაზიანდა საკომუნიკაციო ქსელი და სამაუწყებლო ტექნიკის ნაწილი, რის გამოც გვიან ღამით მაუწყებლობა მცირე ხნით გათიშული იყო.
ხანძარი ღამის 12 საათისთვის გაჩნდა და მის ჩაქრობას რამდენიმე საათი დასჭირდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც ცეცხლის წაკიდებით, ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.
“ზარალი ბოლომდე დათვლილი არ არის, ტექნიკოსები ამ წუთებშიც მუშაობენ და ყოველწუთიერად ემატება გაფუჭებული ტექნიკის რაოდენობას ახალი და ახალი. ცეცხლი იყო ძლიერი და ბუნებრივია, დაკვამლიანება ადიოდა ზევით და ამან დააზარალა კომპიუტერების ერთი ნაწილი. პარალელურად, მიმდინარეობს აღწერა იმ ტექნიკის, რომელიც დაზიანდა“ - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ.