07 მაისი 2024,   17:25
ვრცლად
ოზურგეთის მერობის კანდიდატი საჯარო მოხელეებს საკუთარ რესტორანში ხვდება და დავალებებს აძლევს - "კურიერის" ექსკლუზიური კადრები

ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ბეგლარ სიორიძე „ქართული ოცნების“ რეგიონულ აქტივს საკუთარ რესტორანშივე მასპინძლობს. „კურიერის“ მიერ მოპოვებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ რესტორან „ელეგანტში“ მოქმედი მერი ადგილობრივებს, მათ შორის, საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში არაფორმალურ გარემოში ხვდება და საარჩევნო დავალებებს აძლევს.

შეხვედრიდან გამოსულებმა საჯარო მოხელეებმა არ დამალეს, რომ რესტორანში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მათ საარჩევნო გეგმებზე ესაუბრა თუმცა, ზოგიერთი მათგანი ამ შეხვედრას უარყოფს.

თავად ქალაქის მერი ადასტურებს, რომ საკუთარ რესტორანში მხარდამჭერებს და საჯარო მოხელეებს შეხვდა. თუმცა, ბეგლარ სიორიძე ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და არც კანონი დაურღვევია.

„კურიერის“ მიერ მოპოვებულმა ვიდეომასალამ „ქართულ ოცნებაში“ დაბნეულობა გამოიწვია. ოპოზიცია მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის და საჯარო მოხელეების შეხვედრებზე რეაგირებას ითხოვს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ოზურგეთის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი, ბეგლარ სიორიძე მხარდამჭერებთან წინასაარჩევნო შეხვედრებს რესტორანში სისტემატურად მართავს. 

ავტორი: ლადო მენაბდე.

დღის ამბები