26 დეკემბერი 2024,   23:49
ვრცლად
სააკაშვილის მტკიცებით, მასთან შემხებლობაში მყოფი ქართველების სიას უკრაინას თბილისიდან აწვდიან

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან დეპორტირებული ქართველების გაუჩინარების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც P.S-თან საუბრისას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, პროცესი, რომელიც უკავშირდება ქართველების მასიურ დეპორტაცია, სუს-ის მიერ არის მართული.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სწორედ სუს-ი აწვდის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაციას იმ ქართველებზე, რომლების მასთან რაიმე სახის შემხებლობაში არიან და შემდეგ ისინი მოქმედებენ.

„ეს ყველა გვარი გადაცემულია კიევში თბილისიდან, სუს-დან. ეს ვიცი დანამდვილებით,“ -აცხადებს სააკაშვილი.

პარტია ახალი ძალების მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც პეტრო პოროშენკო იმყოფებოდა თბილისში, ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და სწორედ მაშინ გადაწყდა ორი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლობა მის წინააღმდეგ. ამის მიზეზი კი, სააკაშვილის თქმით, შიშია, რომელიც ორივე ქვეყნის ხელისუფლებას მასთან დაკავშირებით აქვს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის გაჩერებას არ აპირებს და დროა, ორივე ქვეყნის მოქალაქეებმა იფიქრონ არა კონკრეტულ გვარებზე და სახელებზე, არამედ იმაზე, რომ ის, რაც მათ თავს ხდება, ეს ყველას ეხება.

„როგორც ორი ქვეყნის ოლიგარქები მოქმედებენ ერთად, ასე ორი ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა იმოქმედოს ერთად,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში ისჯებიან მის გამო, რისთვისაც ის ბოდიშს იხდის.

რაც შეეხება დეპორტირებულ ქართველებს, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ სპეცოპერაციის დროს ქართველებს ფიზიკურად გაუსწორდნენ იმიტომ, რომ ადგილზე სისხლის კვალი იქნა აღმოჩენილი.

მისივე თქმით, იმ ადამიანებს, ვინც აიყვანეს ამ ფორმით, აქვთ ძალიან დიდი დამსახურება უკრაინის წინაშე.

სააკაშვილი ვარაუდობს, რომ მესაზღვრეებს ფული გადაუხადეს და დეპორტირებული ქართველები ბორანის საშუალებით გამოაძევეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები