უკრაინაში საქართველოს ელჩის უკრაინიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. გელა დუმბაძე „კურიერთან“ ინტერვიუში ყვება, რომ უკრაინის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია ჰქონდა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნოტა გაიგზავნა. გელა დუმბაძის თქმით, დაგეგმილია უკრაინის საზღვრისა და საემიგრაციო სამსახურის უფროსებთან მისი შეხვედრა.
„ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით უწყვეტი კომუნიკაცია გვქონდა იმ მომენტიდან გამომდინარე, როცა საელჩომ ამის თაობაზე ინფორმაცია მივიღეთ, არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ყველა ზემოთ ხსენებულ უწყებასთან. ცალკე ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნოტა გაიგზავნა, ხვალ პრემიერმინისტრის დავალებით შედგება ჩემი შეხვედრა ქვეყნის საზღვრის უფროსსა და საემიგრაციო სამსახურის უფროსთან, სადაც ეს საქმეები დეტალურად იქნება განხილული,“ - აღნიშნა გელა დუმბაძემ.
ელჩის თქმით, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით კიევში საქართველოს საელჩო მომენტალურ რეაგირებას ახდენს.
„ცალკეულ შემთხვევებზე დგება სპეციალური ნოტა და შედგა ყველა ადრე არსებულ შემთხვევასთან დაკავშირებითაც შეხვედრები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბოლო შემთხვევას რაც შეეხება, უკრაინის მხარემ ოფიციალურად განაცხადა, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური, ეროვნული პოლიცია, საემიგრაციო სამსახური, რომ ამ მოქალაქეების ქმედება, საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა უკრაინის უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებს და ამით აიხსნა ინფორმაციის ნაკლებობა ამ საკითხებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა დუმბაძემ.
უკრაინაში საქართველოს ელჩის განმარტებით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი გადაწყვეტილება.
„ეს არის უკრაინის შიდა საქმიანობა. როდესაც საუბარია ფორმულირებაზე, აქ არის სხვადასხვა ფორმულირება, შეიძლება მეტ-ნაკლებად ასახავდეს ამ სიტუაციას. კონკრეტულად ხაზგასმას ამ პიროვნებებთან დაკავშირებით, რომ ისინი ამა თუ იმ კავშირში იყვნენ საქართველოს ექსპრეზიდენტთან და მის პოლიტიკურ საქმიანობასთან, ამას მოცემულ ეტაპზე ადგილი არ აქვს,“ - განაცხადა გელა დუმბაძემ.