26 დეკემბერი 2024,   23:48
ვრცლად
ანტიტერორისტული ოპერაციიდან 10 დღის შემდეგ, სუს-ი ლიკვიდირებულთა შორის ჩატაევის არსებობას ადასტურებს

სუს-ი საჯაროდ ადასტურებს, რომ სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევია. კიდევ ორი დაღუპულის ვინაობის დადგენას კი ქართველი კრიმინალისტები ამერიკელ კოლეგებთან ერთად ამ დრომდე ცდილობენ.

პანკისში აჰმედ ჩატაევის ცხედრის გადაცემასთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან. ხეობაში ამბობენ, რომ ჩატაევის გადმოცემას თავად არ მოითხოვენ, თუმცა იმის გამო, რომ მას ახლობლები მხოლოდ აქ ჰყავს, წესს მისი რელიგიის თანახმად აუგებენ.

სუს-ში ამ დრომდე ვერ დაადგინეს კიდევ ორი დამნაშავის ვინაობა. ამერიკის ელჩის, იან კელის თქმით, ქართულ სპეცსამსახურებს გამოძიებაში, ფედერალური გამოძიების ბიუროს ექსპერტები ეხმარებიან.

სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ განუმარტავთ, საიდან აღმოჩნდა დედაქალაქში ამ რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომლის ლიკვიდაციაც კორპუსის ეზოში მოხდა, შეიარაღებული იყო „იერიქოს“ ტიპის პისტოლეტით, რომელსაც ქართველი სამართალდამცავები იყენებენ. იარაღის წარმომავლობაზე პასუხი არ აქვთ არც სუს-ში და არც შსს-ში.

ოპოზიცია კი კითხვებზე პასუხის გასაცემად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

მთავარ კითხვაზე პასუხი თუ როგორ მოხვდა შეიარაღებული ტერორისტების ჯგუფი ქვეყანაში, სამართალდამცავებს ანტიტერორისტული ოპერაციიდან 10 დღის შემდეგაც არ აქვთ. 

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები