27 დეკემბერი 2024,   04:31
ვრცლად
რაც დრო გადის, მერაბიშვილის პატიმრობის თითოეული საათი ამ ხელისუფლების პრობლემაა - ოთარ კახიძე

„მე-18 მუხლის დარღვევა როცა დგინდება, მე-5 მუხლთან ერთად, ავტომატურად მოთხოვნა არის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ქართულ ოცნებას ამის გათვალისწინება მოუწვეს. რაც დრო გადის, ივანე მერაბიშვილის პატიმრობის თითოეული საათი არის ამ ხელისუფლების პრობლემა, მერაბიშვილმა გაიმარჯვა,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა და მანამდე ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ის ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ ევროკონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა. ოთარ კახიძე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ მერაბიშვილის გათავისუფლება არ იგეგმება, გამოეხმაურა. 

„იმაზე დაჟინებით საუბარი, რომ არავის გათავისუფლება არ მოხდება, დამატებითი არგუმენტები იქნება მინისტრთა კომიტეტისთვის გასათვალისწინებლად, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლება, რომელიც მერაბიშვილს ეხება 21 ნოემბრიდან მოყოლებული, ასეთი მექანიზმი არის. მინისტრთა კომიტეტი არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღმასრულებელი ორგანო,“ - აღნიშნა ოთარ კახიძემ.  

მან განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში ნუკრი ქანთარიას მიერ გაკეთებულ კომენტარზეც ისაუბრა.

„ეს ეგზოტიკური შეფასებები, ნახევარდ ძველბიჭური ტონით საუბარი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაზე არასწორია,“ - აღნიშნა კახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები