„ვიცავ ადამიანს, რომელიც მიმალვაში კი არ იმყოფება, ვერ ხერხდება უბრალოდ მისი მოძიება,“ - ეს განცხადება თბილისში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე მიმალვაში მყოფი არასრულწლოვნის სახაზინო ადვოკატმა გააკეთა.
სოფო ჯაფარიძე არასრულწლოვნის, გ.ჯ. -ს უფლებებს იცავს და აღნიშნავს, რომ მიმალვაში მყოფი მოზარდის ოჯახის წევრები ამ დრომდე არ არიან გამოკითხულები.
სახაზინო ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესზე ის პროკურატურის შუამდგომლობას არ იზიარებდა და ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.
დაკავებულმა არასრულწლოვანმა სასამართლო სხდომაზე კვლავ დუმილის უფლება გამოიყენა.
დღეს, საქალაქო სასამართლომ სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულ და მიმალვაში მყოფ არასრულწლოვნებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამ დროისათვის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე ოთხი პირია დაკავებული. ერთ არასრულწლოვანი უშუალოდ მკვლელობის ბრალდებით, რომელსაც პატიმრობა დღეს შეუფარდეს.
კიდევ სამ სრულწლოვანს კი გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება. მათგან ერთ-ერთი მშობელია, რომელმაც მისივე შვილებისაგან შეიტყო ორი მოსწავლის მკვლელობის შესახებ, თუმცა, პოლიციას არ შეატყობინა და ბრალდებულს მიმალვაში დაეხმარა.
თბილისის პროკურატურაში შსს-ს საპროცესო განყოფილების უფროსის მოადგილე, იოსებ ხუციშვილი სასამართლო პროცესის დეტალების შესახებ არ საუბრობს.
იოსებ ხუციშვილი დღეს დაკავებულ სამ პირზეც საუბრობს და დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
გამოძიება არ გამორიცხავს, რომ პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს.