08 დეკემბერი 2024,   19:52
ვრცლად
უკრაინის პროკურატურამ უკრაინის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილი ძებნილად გამოაცხადა

უკრაინის პროკურატურამ უკრაინის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილი ძებნილად გამოაცხადა. უკრაინის პროკურატურის სპეციალური წარმომადგენლის, ანდრეი ლისენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძებნილად ცხადდება უკრაინის ტერიტორიაზე. გამორიცხული არ არის, რომ სამართალდამცავებმა ის 24 საათის განმავლობაში დააკავონ.

ამ დრომდე პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის შიდა პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა. უკრაინის მთავარმა პროკურორმა, იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილი არის პირი, რომელიც დღეს პატიმრობიდან გაიქცა.

უკრაინის პოლიცია აპირებს, დააკაოს ყველა ის ადამიანი, მათ შორის, რადას ის დეპუტატები, რომლებიც დღეს მიხელ სააკაშვილს ეხმარებოდა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას კიევში დილის 7 საათის შემდეგ ცდილობდნენ. კიევში მისი სახლის სადარბაზოში სპეცდანიშნულების რაზმი სწორედ ამ დროისთვის გამაგრდა.

სპეცრაზმის მობილიზების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის სახლთან მისი მომხრეები, პარტიის წევრები და ადვოკატებიც მივიდნენ. თუმცა, იურისტები სააკაშვილთან არ შეუშვეს და სახლის კარის შემტვრევის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

სპეცდანიშნულების მისვლიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა საცხოვრებელი სახლის სახურავზე გადაინაცვლა და იქიდან მიმართა მხარდამჭერებს. სამართალდამცველები სააკაშვილის სახლის სახურავზე სახანძრო კიბით ავიდნენ და ბორკილებდადებული ჩამოიყვანეს.

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა სამართალდამცავების მანქანა ალყაში მოაქციეს და მას ტერიტორიიდან გასვლის საშუალება არ მისცეს.

ამ დროის განმავლობაში სამართალდამცავებსა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. მათი დაშლის მიზნით უკრაინის სპეცსამსახურმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს, თუმცა, მხარდამჭერების დაშლა ვერ მოახერხეს.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერებმა თითქმის ოთხსაათიანი მცდელობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავების მანქანიდან გადმოიყვანეს და რადას შენობისკენ იმპიჩმენტის მოთხოვნით გაემართნენ.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ამ დრომდე რადას შენობის წინ იმყოფებიან და უცნობია, რა დრომდე გაგრძელდება აქციები.

დღის ამბები