26 დეკემბერი 2024,   15:17
ვრცლად
გარდაცვლილი მსაჯის საქმე - ერთ-ერთი მოწმის, ნუგზარ ჩხაიძის, გამოკითხვა 8 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა

ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში გარდაცვლილი მსაჯის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ნუგზარ ჩხაიძის დაკითხვა დასრულდა. საფეხბურთო კლუბ „გურიის“ დირექტორის მოადგილე 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.

შენობის დატოვების შემდეგ ნუგზარ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კითხვები გარდაცვლილი მსაჯის, ილო ტუღუშის, სახლიდან გამოყვანას შეეხებოდა.

მსაჯის მეუღლის ინფორმაციით, ილია ტუღუშს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სახლში სამმა პირმა მოაკითხა, რომლებიც მას ემუქრებოდნენ და ფულს სთხოვდნენ.

ნუგზარ ჩხაიძე მსაჯის სახლში მისვლის ფაქტს ადასტურებს, თუმცა, მუქარას უარყოფს და აცხადებს, რომ მასთან ვალის გამო იმყოფებოდნენ, რასაც გარიგებულ თამაშებთან არანაირი კავშირი არა აქვს.

ნუგზარ ჩხაიძის თქმით, გამოძიებასთან სხვა მოწმეებიც თანამშრომლობენ. თუმცა, ნუგზარ ჩხაიძე კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან, მისი თქმით, გაუთქმელობაზე ხელი მოაწერა.

ნუგზარ ჩხაიძე უკვე მეორედ დაკითხეს. ის პირველად ფოთის პოლიციაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე.

ილო ტუღუში სამართალდამცველებმა ჩამომხრჩვალი რამდენიმე დღის წინ იპოვეს. მსაჯის მეუღლის ინფორმაციით, ილია ტუღუშს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სახლში სამმა პირმა მოაკითხა, რომლებიც მას ემუქრებოდნენ და ფულს სთხოვდნენ.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები