26 დეკემბერი 2024,   15:14
ვრცლად
კიევში პროტესტი არ წყდება - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციებს აგრძელებენ

უკრაინელებმა კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიხეილ სააკაშვილის დაკავება გენერალური პროკურორის სახლთან გააპროტესტეს. ასობით ადამიანი კიევის მახლობლად, ე.წ. ელიტურ დასახლებაში, იური ლუცენკოს რეზიდენციასთან, შეიკრიბა.

საპროტესტო მსვლელობა ავტომაიდნის აქტივისტების ორგანიზებული იყო.

უკრაინის გენერალური პროკურორის სახლიდან დეპუტატებმა და ოპოზიციის აქტივისტებმა წინასწარი დაკავების იზოლატორთან გადაინაცვლეს, სადაც, თითქმის, 24 საათია, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

თანაგუნდელებმა ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერს განყოფილებაში მედიკამენტები და პირადი ჰიგიენის ნივთები შეუგზავნეს. ისინი ოდესის ყოფილი გუბერნატორის დაკავებას უკრაინაში დიქტატურაზე პოლიტიკურ გამარჯვებად აფასებენ.

მიხეილ სააკაშვილს სრული მხარდაჭერა იულია ტიმოშენკომაც გამოუცხადა და პეტრო პოროშენკოს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

უსაფრთხოების სამსახურის განყოფილება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს მთელი დღის განმავლობაში არ დაუტოვებიათ. აქტივისტებსა და უკრაინელ სამართალდამცველებს შორის დილით დაპირისპირებაც მოხდა. ხმაური იყო წინასწარი დაკავების იზოლატორთან ღამითაც.

მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ საღამოს ლუგანსკის ოლქის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის სახლში აიყვანეს. ყოფილი პოლიციელი, რომლის ბინაშიც რეიდი ჩატარდა, ვარაუდობს, რომ მომხდარის გამო, მას ან მოკლავენ ან ციხეში ჩასვამენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები