26 დეკემბერი 2024,   15:17
ვრცლად
უკანონო ბრძანებები საპატრულო პოლიციაში - ყოფილი ოფიცერი "კურიერთან" ძალოვან უწყებაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს

უკანონო ქმედებები და ბრძანებები საპატრულო პოლიციაში - პოლიციის ყოფილი ოფიცერი, ბერდია მჭედლიანი, ძალოვან უწყებაში არსებულ ხარვეზებზე  შაბათის კურიერთან საუბრობს.

საპატრულო პოლიციის ოფიცერმა ბერდია მჭედლიანმა ძალოვანი სტრუქტურა 8 თვის წინ, მისი თქმით, იძულებით დატოვა.

მისი თქმით, ხელმძღვანელობა პატრულის თანამშრომლებისგან გეგმის შესრულებას ითხოვდა და დღეში, სულ მცირე, 20 ადმინისტრაციული საჯარიმო ოქმის დაწერას იმის მუხედავად, აღმოაჩენდა თუ არა პატრულის ეკიპაჟი მორიგეობის დროს ამდენ კანონდარღვევას.

პატრულის ყოფილი თანამშრომელი განმარტავს, რომ არსებობენ პრივილიგირებული პოლიტიკოსები მმართველი გუნდიდან, რომლებსაც პოლიცია ვერ აჯარიმებს.

მან გაიხსენა საკრებულოს წევრის, ჯაბა ჯიშკარიანის, შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსის მიერ საჭირო პირთან დარეკვის შემდეგ, ოფიცერს ხელმძღვანელობამ ჯიშკარიანის დაჯარიმების უფლება არ მისცა.

ბერდია მჭედლიანი ამბობს, რომ ეკა ყუშიტაშვილის ცნობილი სკანდალის შემდეგ, პატრულის თანამშრომლებს სამხრე კამერებით გადაღებულ ვიდეომასალებთან წვდომა შეუზღუდეს.

ძალოვან უწყებაში არსებული ფაქტების შესახებ საპატრულო პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა თავდაპირველად გაზეთ ქრონიკა პლუსთან ისაუბრა. მის დისშვილს, გიორგი კვანჭიანს, რომელმაც აშშ-ში მყოფი ოფიცერი ჟურნალისტებთან დააკავშირა, უცნობი პირები საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბერდია მჭედლიანის ვარაუდით, მასალის გამოქვეყნებამდე ძალოვან უწყებებში არსებულ დარღვევებზე საუბრის შესახებ მისი დის შვილის ტელეფონის მოსმენის შედეგად გაარკვიეს.

დღის ამბები