26 დეკემბერი 2024,   21:59
ვრცლად
პოლიციამ არ დააკავოს ნარკომომხმარებელი და პრეზიდენტმა შეიწყალოს ამ ბრალდებით დაკავებულები - აქცია რესპუბლიკის მოედანზე

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს რესპუბლიკის მოედანზე დიდი აქცია-კონცერტი გაიმართა, სადაც სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის დასრულება და ყველა ნარკოტიკის სრული დეკრიმინალიზაცია მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები ამბობენ, რომ პარლამენტმა, რაც შეიძლება, მალე უნდა განიხილოს და მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკის მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება.

„ამ კანონს ელოდება უამრავი ადამიანი. ნარკომომხმარებლები, რომლებიც დღეს არიან სისხლის სამართლის ქვეშ მოქცეულები და რომლებსაც ესაჭიროებათ ჯანდაცვის სისტემა და შესაბამისი მხარდაჭერა,“ - განაცხადა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერმა, გიორგი ბურჯანაძემ.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა გახდეს საქართველოში ადამიანური და ჰუმანური და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის კანონპროექტი, რომელიც არის პარლამენტში, მიიღოს საკანონმდებლო ორგანომ. 

აქციის მონაწილეებს კონკრეტული მოთხოვნებიც აქვთ. ისინი ამბობენ, რომ სანამ პარლამენტი არ მიიღებს კანონპროექტს, პოლიციამ არ დააკავოს ნარკომომხმარებლები და ამასთან, პრეზიდენტმა ახალ წლამდე შეიწყალოს ყველა ის პირი, ვინც სასჯელს იხდის ნარკოტიკის მოხმარებისთვის.   

დღის ამბები