22 დეკემბერი 2024,   06:09
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით პარლამენტი კენჭს დღეს უყრის

საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით პარლამენტი კენჭს დღეს უყრის. პროცედურა საკანონმდებლო ორგანომ გუშინ აღარ გამართა და 113 ხმით კანონპროექტის დამტკიცებას უმრავლესობა დღეს გეგმავს.

„ოპოზიციას რეალური არგუმენტები არ გააჩნია. რაც შეეხება მათ კრიტიკას, ისევ ვუპასუხებ, რომ აბსოლუტურად ულოგიკოა, როდესაც ითხოვ რაღაცას და შემდეგ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ასევე ითხოვ პასუხს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მათი უკვე წაგებული პიარი,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

ცნობილია, რომ ცვლილებებს ერთპარტიული მხარდაჭერა ექნება, რადგან ოპოზიციური ფრაქციები საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, მალევე ქვეყნის მთავარ კანონში ახალი შესწორებების შეტანას არ ემხრობიან.

„მათ ყველაფერი შეცვალეს, გააუარესეს და რომ არა ვენეციის კომისიის ზეწოლა, დღეს იქნებოდა კიდევ უარესი კონსტიტუცია. ახლა ამ ძველ კონსტიტუციაზე დაბრუნებას ჩვენ რაღაც ფორმით უნდა გავუკეთოთ ლეგიტიმაცია. ამიტომ, ჩვენი არ მონაწილეობა ამ პროცესში, არის ერთგვარი პროტესტი იმისა, რომ ქვეყანამ დაკარგა დემოკრატიული განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელსაც ჰქვია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ ცვლილებების განხორციელებით, მმართველი გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე შელახული იმიჯის გამოსწორებას ცდილობს.

„ქართული ოცნების" მთავარი მიზანი იყო საკუთარი ახირებები ჩაეწერა კონსტიტუციაში, იმ ძირითად პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეეხება ქვეყანაში საარჩევნო სისტემებს, საპარლამენტო საარჩევნო სისტემას და პრეზიდენტის პირდაპირი წესით გაუქმებას. ისინი ახლა მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად შელახული იმიჯის გამოსწორებას ცდილობენ,“ - ამბობს ირაკლი აბესაძე.

დღის ამბები