27 დეკემბერი 2024,   04:10
ვრცლად
„მადა გაეხსნათ“ - კახა კალაძის ბრალდებების ადრესატი თბილისის მერს პასუხობს

მტკვარზე დაწყებულ მშენებლობებთან დაკავშირებით კახა კალაძის ბრალდებების მთავარი ადრესატი, შპს „რივერ ჰოტელი“ დედაქალაქის მერს პასუხობს. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მტკვარზე სასტუმროს ტიპის კონსტრუქციის მშენებლობა იგეგმება, რომელიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს.

ბოლო ერთი კვირაა, მშენებლობა დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებით შეჩერებულია. 

„საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს ნორმა, რომელზეც ზედამხედველობის სამსახურს შეუძლია მიგვითითოს, რომ რომელიმე კანონის მოთხოვნა დავარღვიეთ. ახალი ზედამხედველობის მოსვლის პირობებში წარმოადგინეს დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ, რომლის უფლება მას არ აქვს. აღნიშნული სამსახური თავის კომპეტენციას სცდება და ეს არის უფლებამოსილების გადამეტება. არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულია დოკუმენტი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ აღნიშნული ობიექტი არ წარმოადგენს დროებით შენობა-ნაგებობასაც კი, ვინაიდან ეს არის მოტივტივე ფორმის, განთავსებულია წყალზე და ეს არის მცურავი საშუალება,“ - განაცხადა იურისტმა, მაკა ნადარეიშვილმა.

„რივერ ჰოტელში“ აცხადებენ, რომ ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტრო დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ინფორმირებული იყო. მიშა გოგელია ფართთან დაკავშირებით კონკრეტული მაღალჩინოსნების პირად ინტერესებს არ გამორიცხავს. 

„რომელიღაც კომპანია ტენდერში იმარჯვებს, თუ უნდა გაიმარჯვოს, რომელსაც ალბათ, ხანგრძლივი ვადით ექნება ხელშეკრულება გაფორმებული, რაღაც პასუხისმგებლობაც ექნება და ალბათ, ამ ყველაფერს ისინი ჩაიგდებენ ხელში. როგორც ჩანს, მადა გაეხსნათ, დაინახეს, რომ აქ ორი კაპიკი ფული კეთდება, ბიჭები ოჯახებს არჩენენ და იდეა დაებადათ,“ - განაცხადა შპს „რივერ ჰოტელის" წარმომადგენელმა, მიშა გოგელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები