21 დეკემბერი 2024,   21:25
ვრცლად
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი 111-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ წასულა.

კენჭისყრას წინ უძღოდა მწვავე დებატები. ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ოპოზიციამ გააკრიტიკა. მას ის პერიოდი შეახსენეს, როდესაც საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.

ოპოზიციამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა. მათი თქმით, სწორედ ამ პერიოდში შემცირდა რკინიგზაში ტვირთბრუნვა. საპარლამენტო უმრავლესობაში განაცხადეს, რომ მამუკა ბახტაძეს ფინანსთა მინისტრის პოსტი ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობის გამო უკავია.

გარდა ამისა, ოპოზიციამ ფინანსთა მინისტრი ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამოც გააკრიტიკა. 

„როდესაც ლარი მყარდება ეს თურმე თქვენი დამსახურებაა და როდესაც ლარი  უფასურდება ეს თურმე Facebook-ის ბრალია არა?! სად არის ლოგიკა. რაც შეიძლება ლარის გამყარებას, ნუ მიეცემით ილუზიას. შარშან ასეთი ტრაბახი იყო და გახსოვთ, რა მოგივიდათ. გაგაფრთხილეთ მე და არაერთხელ მითქვამს, რომ გაქვთ უკაცრავად და თარსი ენა. რამდენჯერაც დაიტრაბახებთ, იმდენჯერ ლარი მიდის უკან,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

კითხვები ფინანსთა მინისტრთან „ევროპულ საქართველოს“ ბიძინა ივანიშვილის საწარმოსთან დაკავშირებით ჰქონდა, რომელიც აკაკი ბობოხიძის თქმით, განთავსებულია გლდანში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსით.

„მაინტერესებს ბატონო მამუკა, მოდით, ვთხოვოთ ბატონ ბიძინას იმიტომ, რომ ეს მისი კერძო საწარმოა, მას აქვს უფლება არ შეგვიშვას, მაგრამ თქვენი ახლოს ყოფნა, რომ ვიცი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბატონ ბიძინასთან, იმედია, თქვენ ამ თხოვნას შეისმენს, მოდი დავათვალიეროთ და ვნახოთ, რამდენი ადამიანია დასაქმებული ამ ე.წ. საწარმოში,“- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ, რომელსაც პასუხი მამუკა ბახტაძის ნაცვლად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გასცა. არჩილ თალაკვაძემ აკაკი ბობოხიძეს ურჩია სხვისი ბიზნესების თვალიერებას თავი დაანებოს.

„სხვის ბიზნესს რომ ათვალიერებდით იმიტომ ხართ ახლა ოპოზიციაში, იმიტომ გაგიშვათ ხალხმა სახლში,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ფინანსთა მინისტრის თქმით, ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კაპიტალური ხარჯები, მათ შორის ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით.

„ის მთავარი პრიორიტეტი, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ ეს არის სოციალური პროგრამების  მხარდაჭერა, ეს ყველაფერი გრძელდება. ჩვენ უკვე გვაქვს შედეგი. ეს არის 140 მილიონი ლარის ეკონომია. 100 მილიონი აქედან გახლავთ სახელფასო წილი და 40 მილიონი ადმინისტრაციული ხარჯები,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები