26 დეკემბერი 2024,   22:07
ვრცლად
21 წლამდე ახალგაზრდებისთვის ონლაინ კაზინოებზე წვდომა აიკრძალება

21 წლამდე ახალგაზრდებისთვის ონლაინ კაზინოებზე წვდომა გართულდება. ხელისუფლება ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებზე დარეგისტრირებული ადამინების ანგარიშები უნდა გაუქმდეს. შეიქმნება მოთამაშეთა ერთიანი ბაზა და ასევე აზარტომანების შავი სია. განმარტებაში მითითებულია რომ კანონპროექტის მიზანი აზარტული თამაშებიდან არასრულწლოვნების და 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ჩამოშორებაა. 

სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯია, რადგან პრობლემის ამ ფორმით მოგვარება შეუძლებელია. მისი მიღების შემთხვევაში ფინანსურად დაზარალება როგორც ბიზნეს სექტორი, ასევე ბიუჯეტიც. მათივე თქმით, კანონპროექტის არსებობა მხოლოდ მისი პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ შეიტყვეს. მისი დამტკიცების შემთხვევაში კი ფიქრობენ, რომ არალეგალური ე.წ. ხელზე თამაშები  რეალური საფრთხე იქნება.

მთავრობის ინიციატივა არც ფსიქოლოგებისთვის არის მისაღები. სპეციალისტები თვლიან, რომ კანონპროექტზე მუშაობისას აუცილებელი იყო სპეციალისტების ჩართულობა. ფსიქოლოგების აზრით აზარტომანებზე აკრძალვა უკურეაქციას იწვევს. მათი სიების მეშვეობით სხვა საზოგადოებისგან გამოყოფა კი დისკრიმინაციად მიაჩნიათ.

საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ინიციატივას საგაზაფხულო სესიაზე მიუბრუნდება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი ჯერჯერობით უცნობია, ასევე უცნობია გაითვალისწინებს თუ არა ფინანსთა სამინისტრო ბიზნეს სექტორისა და ფსიქოლოგების რჩევებს.

დღის ამბები