12 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
სამად გაყოფილი ფრაქცია - "ქართული ოცნებაში" დაყოფის მიზეზად გაჩეჩილაძე-კვირიკაშვილს შორის მომხდარ საჯარო დაპირისპირებას არ ადასტურებენ

ქართული ოცნების ფრაქცია სამ ნაწილად გაიყო. დეპუტატები ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე, რომლებიც ფრაქციას ტოვებენ, პარლამენტში ორ ახალ ფრაქციას ქმნიან.

კურიერის ინფორმაციით, ბიძინა გეგიძეს დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა პაპუაშვილი და ირაკლი აბუსერიძეც შეუერთდებიან. ფრაქცია ქართული ოცნებიდან ბიძინა გეგიძესთან კიდევ რამდენიმე კანონმდებელი გადავა, რადგან ახალი ფრაქციის შესაქმნელად, მინიმუმ, 6 დეპუტატია საჭირო.

ფრაქცია ქართული ოცნებიდან გოჩა ენუქიძეს გაჰყვებიან ილია წულაია, პაატა მხეიძე და ოთარ დანელიაც. ახალი ფრაქციის სხვა წევრების შესახებ დეპუტატები საჯაროდ ჯერ არ საუბრობენ.

უკვე ცნობილია, რომ შემცირებულ ფრაქცია ქართულ ოცნებას კვლავ მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

ფრაქცია ქართულ ოცნებაში დარჩენილები ირწმუნებიან, რომ მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი მხოლოდ კოორდინაციისა და მმართველობის გაუმჯობესებაა და გუნდში დაპირისპირება არ არის.

საშემოდგომო სესიის მიწურულს მიღებულ ამ გადაწყვეტილებას წინ ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, დეპუტატ ბიძინა გეგიძის უახლოესი მეგობრის სკანდალი უძღოდა. თუმცა, მმართველ გუნდში შიდა გადაჯგუფებებს გაჩეჩილაძე-კვირიკაშვილს შორის მომხდარი საჯარო დაპირისპირება არ უკავშირებენ.

დეპუტატები ამბობენ, რომ გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა გუნდში არსებობს, თუმცა, გადაჯგუფების კრიტერიუმი ეს არ იქნება.

დეპუტატები აცხადებენ, რომ კონსულტაციები არ დასრულებულა და გადაწყვეტილი არ არის, რამდენი დეპუტატი დარჩება ფრაქცია ქართული ოცნების მიღმა.

საგაზაფხულო სესიიდან საპარლამენტო უმრავლესობა მუშაობას, 6-ის ნაცვლად, 8 ფრაქციით დაიწყებს. დამატებითი ფრაქციები საკანონმდებლო ორგანოს დამატებით ადმინისტრაციულ ხარჯებსაც ნიშნავს. ცვლილებები დეპუტატების ხელფასებსა და ავტოპარკზეც აისახება.

ამავე თემაზე
დღის ამბები