07 დეკემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ე.წ. პიჯაკების საქმე - პროცესი ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების განხილვით გაგრძელდა

ე.წ. პიჯაკების საქმე, რომლის მიხედვით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა ბიუჯეტის კუთვნილი თანხები არამიზნობრივად გახარჯა, დღეს ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების განხილვით გაგრძელდა.

დღეს პროკურატურამ აუდიტორის დასკვნა წარმოადგინა, რომელიც 2009-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დახარჯულ თანხებს ეხება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომ საქმეში ჩაედოთ ის დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედი უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მუშაობის პერიოდშია გაცემული და ასახვას ხარჯებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიაში ვიზიტის დროს დახარჯა. თუმცა, მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„ჩვენ წარვადგინეთ მასალები, რომელიც ადასტურებს, რომ ანზორ ჩუბინიძის ხელმძღვანელობის პერიოდში ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, ზუსტად იგივე წესით, იმავე ტიპის ხარჯები გაიწეოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ, რაზეც თემურ ჯანაშია დღეს სამართლდება. მოსამართლემ გააკეთა მკაფიო განმარტება, რომ ეს ფაქტები მისთვის ცნობილია, რომ ეს სადაო არ არის. შესაბამისად, დამატებით მასალების წარმოდგენის საჭიროება აღარ არსებობს ამ მიმართულებითო,“ - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

განცხადება გააკეთა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ ჯანაშიამ.

„ეს ის ხარჯებია, რომელიც პროკურატურას ამოღებული აქვს თვითონ, საზოგადოებას უმალავს პრეზიდენტ სააკაშვილის ხარჯებს. ამაში ჩართულია თვითონ პროკურატურა, ჩართულია სამწუხაროდ, პრეზიდენტიც, რომელიც პრეზიდენტის განკარგულების 2013 წლის განკარგულებებს არ ხსნის გრიფს,“ - განაცხადა თეიმურაზ ჯანაშიამ.

 

 

 

 

დღის ამბები