07 დეკემბერი 2024,   06:50
ვრცლად
მაუწყებლის შესახებ კანონი - პრეზიდენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი შეხვდა

არასამთავრობო და მედიაკომპანიების წარმომადგენლების შემდეგ, პრეზიდენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი შეხვდა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და მისი მოადგილეები თითქმის 2 საათის განმავლობაში ცდილობდნენ, პრეზიდენტი დაერწმუნებინათ, რომ მათი გადაწყვეტილება სამართლიანია და სხვა ტელევიზიები ამ ჩანაწერის შემთხვევაში არ დაზარალდებიან. შეხვედრას არ ესწრებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები. 

საქმე ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეძლევა უფლება დღის განმავლობაში კომერციული რეკლამა განათავსოს.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არ ეწრებოდნენ ბორდის წევრები პრეზიდენტთან შეხვედრას. 

„ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, ძალიან საქმიან ვითარებაში ჩაიარა. მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი იქნება ასეთი საქმიანი შეხვედრები, მეტი ადამიანი გაეცნობა ვითარებას. მე არ ვიცი, ბორდის წევრები რატომ არ ესწრებოდნენ, ჩვენ ვიყავით მოწვეულები და მოვედით. რაც შეეხება შესყიდვებს, შესყიდვებთან, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ასეთი კამათი, სინამდვილეში ხდებოდა ამ თემით სპეკულირება. ჩვენ ვითხოვდით არა შესყიდვებისგან გათავისუფლებას, არამედ შემოქმედებითი პროდუქციის გათავისუფლებას ტენდერებისგან, ანუ გადაცემა და ფილმი ტენდერით არ შეგვესყიდა, ისე როგორც ცემენტი და კონდიციონერი,“ - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

განცხადება გააკეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილემ თინათინ ბერძენიშვილმაც.

„საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებობს ორი აპარატი,  ერთი არის გენერალური დირექტორის აპარატი, მეორე არის სამეთვალყურეო საბჭოსი. ორივე ერთმანეთს ფუნქციონირებაში ხელს არ უშლის, ასე რომ გენერალური დირექტორი თავად იღებს გადაწყვეტილებას შეხვედრებზე დასწრების შესახებ, ისევე როგორც სამეთვალყურეო საბჭო,“ - განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

პრეზიდენტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის შეხვედრას არ ესწრებოდა აჭარის ტელევიზიის გენერალური დირექტორი ნათია კაპანაძეც. მისი თქმით, ამ ფორმატში შეხვედრაზე ისინი მიწვეულები არ ყოფილან. 

„პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მივიღეთ მოწვევა 14:00 საათზე, ჩვენ რა თქმა უნდა, გამოვცხადდით, რადგან გვაინტერესებდა რას ფიქრობენ ადამიანები ცვლილებებზე, რას ფიქრობენ მედია გარემოზე და მედია ბაზრის მოსალოდნელ მდგომარეობაზე. დღეს გახდა ცნობილი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხვდებოდა განსხვავებულ დროს, თუმცა ჩვენ ამ შეხვედრის ფორმატში არ გვქონია მოწვევა. პარლამენტს, რომელსაც უკვე გადაეცა ინიციატივები, ჩვენ მივმართეთ წერილობით და ვთხოვეთ ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს არამედ მედია გარემოს და ჟურნალისტებს, მზად ვიქნებოდით გამოგვეთქვა ჩვენი მოსაზრებები, თუმცა ამ ფორმატშიც არ გვქონდა შანსი ვყოფილიყავით მონაწილე,“ - განაცხადა ნათია კაპანაძემ.

 

დღის ამბები