27 დეკემბერი 2024,   04:53
ვრცლად
დარგობრივმა კომიტეტმა, მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ ჩააგდო

დარგობრივმა კომიტეტმა, მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ ჩააგდო. ინიციატივას დღეს კომიტეტის წევრები მესამე მოსმენით განიხილავდნენ, თუმცა დეპუტატებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივა, ერთხმად დაიწუნეს. 

დარგობრივი კომიტეტი, წამყვანი კომიტეტია, რომელსაც პარლამენტში ინიცირებულ ცვლილებებზე, მაუწყებელს ფასიანი რეკლამის განთავსების უფლებას აძლევს. მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები პირველი განხილვისას წამყვანმა კომიტეტმა ჩააგდო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ სხდომაზე ის ორი მოსმენით მიიღო. 

„კომიტეტს უარყოფითი დასკვნა ჰქონდა წინაზე, იმედი მაქვს, რომ ეს პოზიცია იქნება შენარჩუნებული. იმედი მაქვს, რომ კომიტეტის ხელმძღვანელობაც და უმრავლესობის წევრებიც, ოპოზიციასთან ერთად უფრო აქტიურად დააყენებენ იმ საკითხს, რომ ეს კანონპროექტი არ იქნეს მიღებული. იმიტომ რომ მას აქვს წინააღმდეგობა უმრავლესობის შიგნით, მთელი დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგობა, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო მაუწყებლების, ყველასი. ყველა ხვდება მარტივ საკითხს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელი გულისხმობს იმას, რომ  ჩვენ ყველანი მათ ვაძლევთ  ჩვენი გადასახადებიდან ფულს, ოღონდ ისინი ამ ფულით კონკურენციაში არ შედიან სხვა კერძო მაუწყებლებთან,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს მხარს არ უჭერს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი დავით ჭიჭინაძე. ჭიჭინაძე იმედს გამოთქვამს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობა მას მაინც მიიღებს, პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

„შევეცდებით, მესამე მოსმენისთვის მაინც დავარწმუნოთ უმრავლესობა, რომ ეს კანონი ამ სახით არ არის მისაღები, თუ არადა იმედია ჩვენი პრეზიდენტი მიჩვეულია ვეტოების დადებას, ამ კანონსაც დაადებს ვეტოს და შევეცდებით, რომ შემდგომ ვეტო არ გადავლახოთ,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა დავით ჭიჭინაძემ.

დღის ამბები