26 დეკემბერი 2024,   14:15
ვრცლად
„სანამ გაგვდის, ესე გავაგრძელებთ," ეგ არის თქვენი სლოგანი" - გიგა ბოკერია გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს

„გატეხა სიმართლემ ეს ფარდა, რომელიც თქვენ გქონდათ ჩამოშვებული, რომ საქართველოში მოვიდა პრორუსული ხელისუფლება, ეგ აღარა გაქვთ ახლა სალაპარაკო,“ - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების საპასუხოდ გააკეთა.

გაერთიანებული კომიტეტებს სხდომაზე, მთავრობის წევრებსა და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის საუბარი სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. კონკრეტულად კი კამათი პრემიერ-მინისტრსა და გიგა ბოკერიას შორის იყო.

„ბატონო გიორგი, მე საჯაროდ მაქვს ნათქვამი 4 წლის წინ, რომ არ ვიზიარებ იმ ბრალდებას, რომ რუსეთის ჯაშუშები არიან. მაგრამ თქვენი პოლიტიკის ეფექტი, რომ რუსეთს აძლიერებს, ამას ვიძახდი და ახლაც გეუბნებით,“ - აღნიშნა ბოკერიამ.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა პრემიერს კითხვით მიმართა და დაინტერესდა, აქვს თუ არა ინსტრუქცია ევროსაბჭოში საქართველოს ელჩს, რომ დაუპირისპირდეს  რუსეთს, მისთვის სანქციის მოხსნაზე.

„თქვენ იცით, რომ უკრაინაში აგრესიის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეუჩერა რუსეთს ხმის უფლება, სანქცია გამოიყენა, რომელსაც ჩვენ მივესალმებით. ამ რეზოლუციაში საქართველოს პრობლემაც ნახსენებია, მარტო უკრაინა კი არა, ჩვენი ოკუპაციაც, ეს არის კარგი ჩვენთვის, ამავე კონტექსტშია. სამწუხაროდ, თქვენ იცით, რომ არიან ძალები, რომლებიც ახლა ცდილობენ, რომ ხმა დაუბრუნონ რუსეთს, ისე რომ მას არ შეუსრულებია რეზოლუციის მოთხოვნები. ბუნებრივია, რომ საქართველოს ინტერესია, როცა ჩვენზე აგრესიის გამო მიიღეს ეს სანქციები, თუკი ვინმე ცდილობს რომ ეს სანქციები მოუხსნას, ჩვენ ამის წინააღმდეგ ხმა ავიმაღლოთ,“ - აღნიშნა ბოკერიამ.

ამავე კონტექსტში გიგა ბოკერიამ საგარეო საქმეთა მინისტრიც ახსენა და დღეს, ოპოზიცის მიერ მის მიმართ დასმული შეკითხვა გაიხსენა, თუ რა ინსტრუქცია აქვს მიცემული ელჩს. გოგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ მიხეილ ჯანელიძისგან ამ საკითხზე ზოგადი პასუხი მიიღეს.

„ან დაგვცინის ან არ გვეუბნება,“ - აღნიშნა ბოკერიამ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერმა ბოკერიას უპასუხა და განაცხადა, რომ არც ერთი საერთაშორისო ფორმატი არ ყოფილა, სადაც საქართველო უკრაინის პრობლემებისადმი სოლიდარული არ ყოფილა.

მისი თქმით, კონკრეტულ შემთხვევებში საქართველო ევროსაბჭოს პრინციპების და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.

გოგა ბოკერიამ, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რომ მის მიერ დასმულ შეკითხვას პრემიერმა პასუხი ვერ გასცა და დაამატა, რომ დიპლომატიურ უწყებებს საერთაშორისო მისიებში რუსეთის საკითხზე საქართველოს ინსტრუქცია არ გააჩნია, რასაც ბოკერია დანაშაულებრივ საქციელს უწოდებს.

„ბატონო გიორგი სლოგანი უნდა შემოგთავაზოთ, "სანამ გაგვდის, ესე გავაგრძელებთ," ეგ არის თქვენი სლოგანი,“ - აღნიშნა ბოკერიამ.

დღის ამბები