მწერლების, გამომცემლებისა და მთარგმნელების კულტურის მინისტრთან შეხვედრა ამ დრომდე გრძელდება. ცნობილია, რომ "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელი, დეა მეტრეველი თანამდებობის დატოვებას აპირებს. მან მინისტრს თანამდებობის დატოვების მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, წერილობით მიმართა.
მინისტრთან შეხვედრა მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა, შეთანხმება არ არის მიღწეული. შეხვედრაზე ასევე, მივიდნენ დეა მეტრეველი და ცენტრის თანამშრომლები.
დეა მეტრეველი ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენის პროექტს ხელმძღვანელობს.
დღეს შეკრებილები მიიჩნევენ, რომ დეა მეტრეველი საკუთარ პოზიციაზე უნდა დარჩეს და დაგეგმილი ღონისძიებები დაასრულოს.
გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარე, გვანცა ჯობავა აღნიშნავს, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამომდინარე, საეჭვოა, რამდენად შეძლებს ახალი ხელმძღვანელი და მისი გუნდი მოვალეობების სათანადოდ შესრულებას.
მთარგმნელი, მაია ბადრიძე აღნიშნავს, რომ უეცარი ცვლილება გაუგებრობებს გამოიწვევს.