26 დეკემბერი 2024,   23:55
ვრცლად
უკრაინაში კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ვიცე-კონსულის მეუღლე დავით ღლონტია

უკრაინაში საქართველოს მოქალაქეს მანქანაში 180 ათასი ღერი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოუჩინეს. მამაკაცი, რომელსაც დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა, კონტრაბანდის შეტანას უკრაინაში ფარულად ცდილობდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდა, უკრაინაში საქართველოს ვიცე-კონსულის, ეკატერინა პატარაძის, მეუღლე დავით ღლონტია.

უჟგოროდის სასაზღვრო პუნქტი უკრაინასა და სლოვაკეთს აკავშირებს. მესაზღვრეების ცნობით, 22 დეკემბერს, ღამით, სასაზღვრო კონტროლისას სპეციალურად თამბაქოს ამოცნობაზე გაწვრთნილმა ძაღლმა შავი ფერის "მერსედეს ბენც ვიანოში" საეჭვო ტვირთი იყნოსა.

მალე გაირკვა, რომ ტვირთი დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნოდა. მესაზღვრეებმა ავტომობილის დეტალური დათვალიერება გადაწყვიტეს.

ავტომობილის მფლობელმა მესაზღვრეებს ტვირთის დათვალიერების უფლება არ მისცა, ამიტომაც ადგილზე საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და ადვოკატი გამოიძახეს.

მანქანიდან ამოღებულ 21 სამგზავრო ჩანთაში 45 ყუთი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ოფიციალური უწყებები წერენ, რომ ტვირთის ჯამური ღირებულება დადგენილი არ არის, თუმცა, ნათქვამია, რომ რაოდენობა მნიშვნელოვანია.

უკრაინის საელჩოში დასვენების დღეს იმიზეზებენ და კომენტარს არ აკეთებენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელისა და გვარის მითითების გარეშე ადასტურებს, რომ საუბარი მართლაც საქართველოს საკონსულოს თანამშრომლის ოჯახის წევრზეა.

უკრაინის საგამოძიებო სამსახურები კონტრაბანდული ტვირთის წარმომავლობას სწავლობენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიპლომატის მეუღლეს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა. თებერვალში გაიმართება სასამართლო, რომელიც დაადგენს ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობას.

​ 

ამავე თემაზე
დღის ამბები