22 დეკემბერი 2024,   06:17
ვრცლად
საქართველოს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს - ოპოზიცია მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვებას პოლიტიკურ გადაწყვეტილად აფასებს

ევროსასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებისა და ევროპარლამენტარების მოწოდებების მიუხედავად, ვანო მერაბიშვილი კვლავაც პატიმრობაში რჩება. ე.წ. უდოს კომისიამ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის გათავისუფლების ყველანაირი წინაპირობა არსებობდა. ის არ გამორიცხავს, რომ ევროსასამართლოს მინისტრთა კომიტეტმა აღსრულების მექანიზმი გამოიყენოს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის ვალდებულება, რომლის შესრულება ხელისუფლება აუცილებლად მოუწევს.

„ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი მინისტრთა კომიტეტი, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიკრიბება. სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ ამის გამო შეიძლება, სანქციები მიიღოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება გონს ვერ მოეგო. მათ საქართველოში პოლიტიკური პატიმარი ჰყავთ მერაბიშვილის სახით,“- აღნიშნა ჩივიაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„მერაბიშვილი, ახალია და სხვა პოლიტპატიმრები სხედან ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ჩვენება არ მისცეს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე და ასევე იმიტომ, რომ არაფორმალურ მმართველს, ოლიგარქს სურს, ისინი ციხეში იხილოს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება ერთ-ერთი მცირე ნაწილია მთლიანად პოლიტიკური პროცესის, რომელიც ამ საქმეს თან ახლავს. პოლიტიკური პატიმარი მეტი კი არაფერია, როდესაც რჩება საპატიმროში იმიტომ, რომ ასე სურს ხელისუფლება. ხელისუფლება მიუთითებს, რომ საქმე არა თუ პოლიტიკურად მოტივირებულია, აგებულია მთლიანად პოლიტიკურ საფუძვლებზე,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ტუღუშმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები