08 დეკემბერი 2024,   19:34
ვრცლად
"სემეკის" დადგენილება - თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყლის ტარიფი ძვირდება 

"სემეკის" დადგენილებით, თბილისის მოსახლეობას წყალი გაუძვირდა. თბილისში წყლის სულადობრივი გადასახადი 75 თეთრით გაძვირდა, გამრიცხველიანებული მოსახლეობისთვის კი, კუბური მეტრის ტარიფი 6 თეთრით, 33 თეთრამდე გაიზარდა. რაც შეეხება კომერციულ ტარიფს, ამ შემთხვევაში არის ერთთეთრიანი კლება.

რუსთავში, მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის წყლის ტარიფი უცვლელი რჩება, გამრიცხველიანების გარეშე არის 8 თეთრიანი მატება ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო კომერციული ტარიფი გაზრდილია 43 თეთრით.

რაც შეეხება მცხეთას, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის ტარიფი 12 თეთრით გაიზარდა, ხოლო მრიცხველის არ მქონე მოსახლეობისთვის, ერთ სულზე წყლის ტარიფი 1 ლარით და 48 თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი, მცხეთაში გაზრდილია 35 თეთრით.

GWP-ის ოპერაციების მართვის დირექტორის მოადგილემ ზურაბ ალფაიძემ განაცხადა, რომ 2017 წელი კომპანიისთვის განსაკუთრებული იყო და 82 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ასევე, მისი თქმით, მომდევნო სატარიფო პერიოდზე, 200 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება და მომხმარებელი გაუმჯობესებულ წყალმომარაგების სერვისს მიიღებს.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ აღნიშნა, რომ ტარიფები მეთოდოლოგიის საფუძველზე დაინგარიშეს.

წყლის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა. მისი შეფასებით, "სემეკმა" ტარიფები შედარებით სამართლიანად დაადგინა, თუმცა ეს საკმაოდ მძიმე სურათს შექმნის მოსახლეობისთვის.

„კომპანია, მიუხედავად ყველაფრისა, ვალდებული იქნება, რომ მომხმარებელს მიაწოდოს სათანადო ხარისხის და სათანადო მომსახურების პროდუქტი. ტარიფი ითვლება შესაბამისი მეთოდოლოგიის და ნორმატიული აქტების საფუძველზე და აღსანიშნავია, რომ ასეთი სახის ნორმატიული აქტები სატარიფო საქმის წარმოების პროცესში არ დარღვეულა. სამწუხაროდ, სოციალურ-ეკონომიკური და მატერიალური თვალსაზრისით, ეს იქნება რასაკვირველია, ტვირთი,“ - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

დღის ამბები