საკონსტიტუციო სასამართლო ტელეკომპანია "საქართველოს" სარჩელზე დღეს გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც ფასის არაპროპორციულობის გამო, ხელშეკრულების ბათილობის შესაძლებლობას ქმნის.
ე.წ. ამორალური გარიგების საქმეზე განხილვები ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. მუხლის ბათილობა არხს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე სჭირდებოდა.
ადვოკატის განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დასრულებული იყო, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებებით სასამართლოს ერთ წევრს საქმის პლენუმისთვის გადაცემის უფლება მიეცა და პროცესი შეგნებულად გაიწელა. ამ ეტაპზე კი, გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმეზე გავლენას უკვე ვეღარ მოახდენს.
"აღნიშნულ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-სთვის დაკარგა აზრი მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ხელმეორედ განსახილველად გადასცა საქმე პლენუმს და ეს განხორციელდა კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შედეგად, რომელიც სპეციალურად მორგებული იყო „რუსთავი 2“-ზე და ქონდა ერთადერთი მიზანი, რომ სააპელაციო სასამართლო მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, საკონსტიტუციოს არ ემსჯელა ამ თემაზე,“ - აცხადებს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის იურისტი, დიმიტრი საძაგლიშვილი.