საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თითქმის ოთხი საათია სხდომას მართავს. ბორდი სხვადასხვა საკითხს განიხილავს. ამ წუთებში კი საბჭოს წევრები ბიუჯეტზე მსჯელობენ. საბჭოს სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ევროპის ბიუროს დახურვაზე იმსჯელეს.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ბიურო კი არ დახურეს, უფრო გააძლიერეს.
„ბიურო არა მარტო იხურება, არამედ ძლიერდება ევროპაში. ეს ჩვენ გვაჩვენა მთელმა წელმა, რომ უცხოეთი, საერთაშორისო ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია... ვაძლიერებთ ბიუროს, პირიქით, ვხსნით გადაცემას და ვრთავთ შიგ უფრო მეტ ადამიანებს,“ - განაცხადა მაღლაფერიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოებრივი დამცველის” გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ ვასილ მაღლაფერიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ ბიურო კი არ უნდა დაეხურათ, არამედ კიდევ სხვა ადგილებში უნდა გაეგზავნათ ჟურნალისტები.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, სულხან სალაძე რუსული პროპაგანდის შედეგს ხედავს ევროპის ბიუროს დახურვაში. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი მხარდაჭერა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, სწორედ ამ ბიუროს მუშაობაზეა დამოკიდებული.
„ამ ფონზე, ამ ბიუროს დახურვა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი, მე ვფიქრობ. ჩემთვის ერთ-ერთი ამოსავალი საკითხი, მე ამ ბიუჯეტს დავუჭერ თუ არა მხარს, არის სწორედ ეს. ეს არის პოლიტიკური განაცხადი ჩემთვის და არის ყოვლად მიუღებელი,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.