26 დეკემბერი 2024,   14:35
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა 52 მილიონიანი ბიუჯეტი კრიტიკის და მწვავე კამათის მიუხედავად, დღის ბოლოს დაამტკიცა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა 52 მილიონიანი ბიუჯეტი დაამტკიცა. სამეურვეო საბჭოს წევრების ნაწილი დღეს ღიად აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მთავარ მისიას და ღირებულებას შორდება და მთავრობის მიმართ პოლიტიკურ სიმპათიებს ვერ მალავს.

აქედან გამომდინარე, ისინი აცხადებენ, რომ ეს არ არის პროდუქტი, რომელშიც საზოგადოებამ 52 მილიონი უნდა დახარჯოს.

თუმცა ბიუჯეტის გარდა, კამათი ბორდის წევრებს შორის რამდენიმე საკითხს, მათ შორის, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანის ვიდეომასალის გაშუქებას მოჰყვა.

პოეტ ზვიად რატიანის ვიდეომასალის გაშუქებასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა პირადად აიღო. ვასილ მაღლაფერიძის განმარტებით, რეპორტაჟის კონტექსტი მისთვის მოსაწონი არ ყოფილა, თუმცა გაუგებარია, რატომ მოჰყვა ამას მწვავე რეზონანსი და ბოიკოტი.

არხის ეთერით გასულ ინფორმაციას და რეპორტაჟის კონტექსტს დღეს სამეურვეო საბჭო გაემიჯნა. ბორდის განცხადებით, არხმა ზვიად რატიანის უფლებები დაარღვია და ამბავი მის შესახებ არაობიექტურად და მიკერძოებულად გააშუქა.

კიდევ ერთი საკითხი, რის გამოც არხის ახალმა ბიუჯეტმა დღეს ბორდის წევრების ნაწილის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და მწვავე კამათის მიზეზიც გახდა, მაუწყებლის ევროპის მუდმივმოქმედი ბიუროს გაუქმებაა.

ვასილ მაღლაფერიძე ამტკიცებს, რომ ბრიუსელში რეპორტიორებს საჭიროების მიხედვით, თბილისიდან როტაციის პრინციპით მიავლენენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები