05 ივლისი 2022,   04:36
ვრცლად
სუს-მა გვითხრა, რომ იგეგმებოდა თბილისში რუსეთის საელჩოს აფეთქება - პანკისელი უხუცესები

ცოტა ხნის წინ უხუცესებმა შაბათის კურიერს დაუდასტურეს, რომ სუს-ის თანამშრომლებმა მათ უთხრეს, რომ თბილისში რუსეთის საელჩოს აფეთქება იგეგმებოდა. უხუცესები ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მათ კადრები უჩვენეს. 

უხუცესების თქმით, მათ კითხვაზე, თუ რატომ გახდა აუცილებელი, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილისთვის სპეცრაზმს ესროლა, იოსებ გოგაშვილმა მათ რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა - ხეობიდან არ უნდა გავიდეს ინფორმაცია სპეცოპერაციის დეტალებზე, ხეობაში არ უნდა დაიწყოს მღელვარება და უხუცესებმა პანკისელები უნდა დაარწმუნონ, რომ 5 დაკავებულს ტერორისტებთან ჰქონდათ კავშირი. 

„დავრწმუნდით, ასე ჩანს, რომ რეალობაა რასაც აცხადებენ, რომ ეს ადამიანები ჩატაევთან მოქმედებდნენ. კადრებში იყო მათი მოქმედება, შეხვედრები, ლაპარაკი, უნდა აეფეთქებინათ რუსეთის საელჩო. მაჩალიკაშვილი, პატარა ბიჭი, როგორც უმწიკვლო ადამიანი, ჩათრეულია იმ სიბინძურეში ჩატაევისა და მის ორგანიზაციის მიერ,“ - განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესმა, ელიზბარ მარგოშვილმა.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციამდე ერთ დღით ადრე რამზან კადიროვმა ტელეკომპანია ენ-ტე-ვე-ს ეთერში საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტების არსებობისა და მათი განადგურების აუცილებლობაზე ისაუბრა.

რამზან კადიროვის განცხადებას შემაშფოთებლად მიიჩნევს კავკასიელ ხალხთან კონფედერაციის თავმჯდომარე. იმ ინფორმაციით, რასაც პანკისის ხეობიდან იღებს, ზაალ კასრელიშვილი მძიმე პროგნოზს აკეთებს და შიშობს, რომ რუსული სპეცსამსახური ყველაფერს აკეთებს ხეობაში სიტუაციის კონტროლიდან გამოსაყვანად.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე, ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ რუსეთს ყოველთვის აქვს სურვილი, ხეობაში ვითარება არიოს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები