21 დეკემბერი 2024,   19:06
ვრცლად
სტეფანწმინდის გზა ნაწილობრივ გაიხსნა-სატვირთო მანქანების გადაადგილება კვლავ შეზღუდულია

სტეფანწმინდის გზა ნაწილობრივ გაიხსნა. 3-დღიანი დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების შემდეგ, დღეს გზის გაწმენდა შესაძლებელი გახდა, თუმცა გზა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა. გადაადგილებას კვლავ ვერ ახერხებენ სატვირთო ავტომანქანის მძღოლები. რამდენიმეკილომეტრიან რიგში, მლეთასა და კობში ათობით ტრაილერი გზის გასაგრძელებლად ნებართვას ელოდება.

სატვირთო ავტომანქანების მძღოლები ყვებიან, რომ გზის გახსნას უკვე სამი დღეა ელოდებიან, რის გამოც, საკვების და საწვავის მარაგი ამოეწურათ. მათ ტრანზიტული ტვირთი გადააქვთ და შეფერხების გამო შესაძლოა პროდუქტიც გაუფუჭდეთ.

გუდაური-კობის გზის გახსნას ელოდნენ ყაზბეგში, ასევე რუსეთში მიმავალი ტურისტებიც. უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო მათ ღამის გათენება ქუჩაში მოუწიათ.

დარიალის ხეობაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მხოლოდ ზვავსაშიშროების მოხსნის შემდეგ დაიწყო. გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ გზის ამ მონაკვეთზე სპეციალისტები მონიტორინგს ისევ გააგრძელებენ. 

დღის ამბები