21 დეკემბერი 2024,   20:17
ვრცლად
გარიგებული საკალათბურთო მატჩების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილს ოპერაცია დასრულდა

გარიგებული საკალათბურთო მატჩების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილს ოპერაცია დასრულდა ის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფოში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს. საკალათბურთო კლუბ სოხუმის თანამფლობელი თიაქარზე ჩაუტარდა ოპერაცია.

ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის დირექტორის პირველი მოადგილის მარინა გელანტიას თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

“მუცლის არეში ტკივილი, ძირითადი ჩივილი ეს გახლდათ. მოთავსდა ქირურგიულ განყოფილებაში, ჩაუტარდა გამოკვლევები და დღეისთვის გადაწყდა ოპერაციული ჩარევა, რაც განხორციელდა კიდეც. პაციენტი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, მოთავსებულია პოსტოპერაციულ განყოფილებაში. ჩვენების მიხედვით გაწერა იგეგმება, სავარაუდოდ რამდენიმე დღე დარჩება,“ - განაცხადა მარინა გელანტიამ.

საავადმყოფოში ასევე იმყოფებოდა ვაჟა კვარაცხელიასა და თემურ დათიკაშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე, რომლიც აცხადებს, რომ ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

“იყენებენ კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეა. რაც შეეხება პოზიციებს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ და შესაბამისად, არც კვალიფიკაციაზე არ ვსაუბრობ. ბრალდების მხარეს აკისრია ბრალდების ტვირთი და შესაბამისად, დაცვის მხარე შევეცდებით მაქსიმალურად, რომ ჩვენი პოზიციები წარვადგინოთ სასამართლოში,“ - განაცხადა თამარ აბესაძემ.  

დღის ამბები