„მან განაცხადა, რომ მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი პრეცენდენტი, როდესაც სახელმწიფო საკუთარ პრეზიდენტს ასამართლებს შეწყალების კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადების შეფასებისას გააკეთა.
ზაზა ბიბილაშვილის თქმით, მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო დონეზე არსებულ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.
„მან დაადასტურა, რომ საზოგადოებაში და რაც მთავარია, საერთაშორისო თანამეგობრობაში არსებობს უამრავი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად რა მოხდა და რა იყო მოტივაცია იმისა, რაც ჩვენ ვიხილეთ,“ - განაცხადა ბიბილაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასევე, აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების რევიზია მოახდინა.
„პროკურატურამ გააკეთა პოლიტიკური განცხადება და სასამართლომ მოახდინა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების რევიზია, ეს არის ცალსახად კონსტიტუციური ფარგლებიდან გასვლა და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, 179 პატიმრის შეწყალების გამო, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები იყვნენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოგვიანებით კი, გიორგი მარგველაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რომ ექსპრეზიდენტის მიმართ შეწყალების მუხლის გამოყენება არასწორი და ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი იყო.