06 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
ოქროს გლობუსი 2018 - ჰოლივუდის ვარსკვლავები ღონისძიებაზე შავი ფერის სამოსით მივიდნენ

ბევერლი ჰილსში ოქროს გლობუსის დაჯილდოების რიგით 75-ე ცერემონია გაიმართა. შოუს ფავორიტი ფილმი „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე“ გახდა, რომელმაც საერთო ჯამში, 4 ქანდაკება მოიპოვა. სურათის მთავარი როლის შემსრულებელი ფრენსის მაკდორმანდი კი ქალებს შორის წლის საუკეთესო მსახიობიც გახდა.

წლევანდელი ცერემონია სხვა შოუებისგან გამორჩეული იყო. ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია სოლიდარობის აქციად აქციეს. სტუმრები ბევერლი ჰილსში გაშლილ წითელ ხალიჩაზე შავი ფერის სამოსით მივიდნენ. ამ ფორმით მსახიობებმა სოლიდარობა გამოხატეს სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა მიმართ და ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

წითელი ხალიჩიდან შოუს მონაწილეებმა და სტუმრებმა სასტუმრო ბევერლი ჰილტონში გადაინაცვლეს, სადაც გამარჯვებულები უკვე 75-ედ გამოავლინეს.

მამაკაცებს შორის ამავე კატეგორიაში გარი ოლდმენმა გაიმარჯვა. ბრიტანელი მსახიობი ფილმ „ბნელ საათში“ უინსტონ ჩერჩილს ასახიერებს.

წლის საუკეთესო რეჟისორად ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ფილმ „წლის ფორმის“ ავტორი გილიერმო დელ ტორო აღიარა. მექსიკელ რეჟისორს, რომელმაც სცენაზე ემოციები ვერ დამალა, ჯილდო რონ ჰოვარდმა და ნატალი პორტმანმა გადასცეს.

ყველაზე შთამბეჭდავი გამოსვლა ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე ოპრა უინფრის ჰქონდა, რომელიც კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოეს. ცნობილმა ტელეწამყვანმა მიმართვის დროს სექსუალური შევიწროების თემაზე ისაუბრა, რის შემდეგაც დარბაზი მას ფეხზე წამოუდგა.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში გერმანელი რეჟისორის, ფატიჰ აკინის ნამუშევარმა „არსაიდან“ გაიმარჯვა. ფილმში მთავარ როლს დაიან კრიუგერი ასრულებს, რომელიც ოჯახის მკვლელობის შემდეგ, შურისძიებას ცდილობს.

ოქროს გლობუსის დაჯილდოების რიგით 75-ე ცერემონია ლოს ანჯელესში 3 საათს გაგრძელდა. შოუს წელს ამერიკელი კომიკოსი სეტ მაიერსი უძღვებოდა. 

დღის ამბები