17 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
საქართველოს კანონი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და ო"ბრაიენის გამოხმაურება - რას პასუხობს მმართველი გუნდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს

"ეს კანონი არც ერთი ადამიანის უფლებებს არ ზღუდავს," - ასე პასუხობს მმართველი გუნდის ლიდერი, ირაკლი ქადაგიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებას, რომელიც ჯიმ ო" ბრაიანმა სოციალურ ქსელში "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის" შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გაავრცელა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე შეშფოთებას გამოთქვამს და წერს, რომ კანონი ზღუდავს თავისუფლებას და საქართველოს ევროპისგან დაშორების რისკს ქმნის. ქართველი ხალხის უფლებებსა და თავისუფლებაზე რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ზრუნავს, ამის დასტურად, მმართველი გუნდიდან ო" ბრაიანს ჯერ კიდევ 10 წლის წინ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი გაახსენეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის სულისკვეთებას იზიარებენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ 19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის ამოქმედებით ადამიანის უფლებები დაირღვევა.

ოპოზიციის განცხადებები "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის იმის დასტურია, რომ მათი ოპონენტებისთვის ეროვნული ღირებულებები არაფერს ნიშნავს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ე. წ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი ხალხის დაკვეთაა და ის არც ერთი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას არ არღვევს.

"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონპროექტთა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე მიიღო. კანონს ხელი სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა და ის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მესამოცე დღეს ამოქმედდება.

დღის ამბები