17 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
ეს იყო საჩვენებელი ერთობის იმიტაცია... ბევრად მეტი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ ხელმომწერებმა და პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს მკვდრად შობილი დოკუმენტი ყოფილიყო - ჰერმან საბო ქარტიაზე

პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრმა ჰერმან საბომ, "დღის კურიერის" ეთერში პრეზიდენტის ქარტიაზე ისაუბრა, რომელსაც ხელი რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა.

როგორც საბო აცხადებს, ქარტია იყო "საჩვენებელი ერთობის იმიტაცია".

"პრეზიდენტის ქარტია თავის დროზე კარგი პროცესი იყო, ამ ქვეყანაში არასდროს მომხდარა, რომ ვიღაცას, გარე არბიტრს პოლიტიკური პარტიები დაესვა, ეკითხა რაღაცებზე, შემდეგ ეს რაღაც გაეერთიანებინა და ერთი დოკუმენტი შეექმნა. მაგრამ, ნახევრად ჩამოყალიბებული ტექსტი იყო. ჩვენ როდესაც შევთავაზეთ, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანია გველაპარაკა ოპოზიციას ამ ტექსტზე, ეს იქნებოდა იმის ჩვენება ამომრჩევლისთვის თუ როგორი საქართველო წარმოგვიდგენია, ამის ნაცვლად მივიღეთ დუმილი და არ მოვაწერეთ ხელი,"- განაცხადა "გირჩის" წარმომადგენელმა.

ჰერმან საბომ იმ ოპოზიციონერებზეც ისაუბრა, ვინც ქარტიას ხელი მოაწერა.

"მე არ მომისმენია ახსნა მათი მხრიდან იმ სწორი კრიტიკის გამო, როდესაც ჯერ არ მოაწერეს და მერე შეცვალეს აზრი. ასეთი აუხსნელი ნაბიჯები, წესიერ დემოკრატიულ ქვეყნებში, შედეგად პარტია ამომრჩევლებს უნდა კარგავდეს. "ედისონ რისერჩის", ოპოზიციის კვლევა რომ მოვიშველიოთ, 60%-მა არც კი იცის ამ ქარტიის შესახებ, 30-ს პროცენტს კი, ვისაც გაუგონია ქარტია, არც კი იცის შიგნით რა წერია. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ამ დოკუმენტს სერიოზულად არ უყურებენ არც ის პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს და არც შესრულება არ უნდათ. უბრალოდ ეს იყო საჩვენებელი ერთობის იმიტაცია. მე ვერ წარმომიდგენია როგორ და რატომ უნდა დათმო ხელისუფლება თუ "ქართული ოცნება" ოპოზიციაში გაუშვი და მოიგე არჩევნები. რა ერთწლიანი მთავრობა, ან ვინ არის ის ტექნიკური მთავრობა. ბევრად მეტი პოტენციალი ჰქონდა ამ დოკუმენტს, მაგრამ ხელმომწერებმა და ქალბატონმა პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს მკვდრად შობილი დოკუმენტი ყოფილიყო", - აცხადებს ჰერმან საბო.

დღის ამბები