04 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
"არ არის გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილიც იყოს ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი" - ლადო ბოჟაძე

"ქართული ოცნების" წევრმა, ლადო ბოჟაძემ "დღის კურიერის" ეთერში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის შეხვედრა და პოლიტიკურ თემებზე გამართული კონსულტაციები შეაფასა.

როგორც ბოჟაძე აცხადებს, ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას გამიზნულად არ ატარებს, რადგან არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის ემზადება. გლდანის რაიონის "ქართული ოცნების" დელეგატმა არ გამორიცხა, რომ ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავად სალომე ზურაბიშვილი დაასახელოს.

"საქართველოს პრეზიდენტი განაგრძობს კონსტიტუციის დარღვევას, რადგან მას არ აქვს უფლებამოსილება კონსტიტუციით, რომ ასე ღიად იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში, მოუწოდებდეს პარტიებს გაერთიანებისკენ, ერეოდეს საარჩევნო კამპანიაში, აწარმოებდეს "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო კამპანიას არამხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც და ასე ღიად ეხმარებოდეს ოპოზიციას.

რაც შეეხება ქარტიას - ეს არის, ფაქტობრივად, ფარატინა ქაღალდი, რომლის აღსრულებაც უბრალოდ შეუძლებელია იმ ვადებში, იმ პირობებში, რითაც ეს ქარტია იქნა შედგენილი. რა თქმა უნდა, მას შესრულება არ უწერია. აქედან გამომდინარე, ამ მხრივ სანერვიულო ბევრი არაფერია, მაგრამ ის, რომ გრძელდება ასე ღიად ჩარევა საარჩევნო პროცესში პრეზიდენტის მხრიდან, არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელიც უნდა ყოფილიყო მთელი საქართველოს პრეზიდენტი და ასეთად ავირჩიეთ ჩვენ 2018 წელს, საბოლოოდ, აღმოჩნდა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისა" და რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტი.

თქვენ იცით, რომ მე გლდანში ვარ დელეგატად წარდგენილი და ყოველდღიურ რეჟიმში, ათეულობით შეხვედრას ვმართავ. ყველა გვეკითხება, რომ სად არის ოპოზიცია, რატომ არავინ არ ჩანს, ან გლდანში, ან ნაძალადევში, საბურთალოზე?! მთელი საქართველოს მასშტაბით, სანთლით ვერ იპოვით ოპოზიციას. გასაგებია, რომ შეიძლება საერთოდ არ მიესვლებათ ქართველ ხალხთან ამ თვალსაზრისით, მაგრამ მეორეს მხრივ, პირდაპირ ჩანს, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული საარჩევნო კამპანიის წარმოებით, არ ემზადებიან 26 ოქტომბრისთვის, ემზადებიან 27 ოქტომბრისთვის, არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის. აქედან გამომდინარე, საუბრები იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სასაცილოც არ არის.

ჩვენ როცა ვამბობდით, რომ ისინი არიან "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა", გვიწუნებდნენ ამ ტერმინს, თუმცა ყველა მათგანი, ვინც შეძლებს და გადალახავს ბარიერს (საბედნიეროდ, ასეთი ძალიან ცოტაა), ყველა თანახმაა, კოალიცია გააკეთოს მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან". მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი დაასახელონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ან "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე ლიდერი. ან, თუ სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ აღარ აქვს შანსი მეორე ვადით და, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება (მოვუწოდებ, დროულად დაიწყოს პირადი ნივთების ჩალაგება პრეზიდენტის სასახლიდან, რადგან დეკემბერში საქართველოს სხვა, ახალი პრეზიდენტი ეყოლება), არ არის გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილიც იყოს მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება ის, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ," - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

დღის ამბები