05 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ვილი სანიოლს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ვილი სანიოლს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

მას ჯილდო ცოტა ხნის წინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადასცა. 

 

"მე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი საპატიო თბილისელის წოდებაზე, რომელმაც სრულიად საქართველოს შეაყვარა თავი. ის არ არის ქართველი, მაგრამ სულით, გულით, სისხლით, ხორცით, გაგებით არის ქართველი.

 

ჩვენ წლების განმავლობაში, როდესაც მე წინა ცხოვრებაში სპორტით ვიყავი დაკავებული, მოგვიწია ერთმანეთის წინააღმდეგ ასპარეზობაც, თამაშიც, რა თქმა უნდა, ერთმანეთის მიმართ ყოველთვის გვქონდა განსაკუთრებული პატივისცემა და განსაკუთრებული სიყვარული, ის დღეს არის ჩვენი თანაგუნდელი, ის ჩვენთან ერთად ტიროდა, რამდენიმე თვის წინ. ეს ცრემლები იყო სიხარულის, სიყვარულის, სიამაყის, ცრემლები იყო, რომელმაც სრულიად საქართველო გააბედნიერა და სიამაყე დაუბრუნა ქართულ ფეხბურთს და ქართულ სპორტს. მინდა საპატიო თბილისელის წოდებაზე წარგიდგინოთ ვინი სანიოლი," - განაცხადა კახა კალაძემ .

 

სანიოლის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაიწყო 1995 წელს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „სენტ-ეტიენში“.

1997-2000 წლებში თამაშობდა ფრანგულ კლუბ "მონაკოში". კარიერის უმეტესი წლები გაატარა გერმანულ კლუბ "ბაიერნში" (2000-2009).

მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2000 წლის 15 ნოემბერს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში, სადაც საფრანგეთმა თურქეთის ნაკრებს 4-0 სძლია. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 2002, ევროპის 2004, მსოფლიოს 2006 და ევროპის 2008 წლის ჩემპიონატებში.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სანიოლმა სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი. 2011-2014 წლებში იყო საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი. 2013 წელს დაინიშნა საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად; 2014-2016 წლებში "ბორდოს" მთავარი მწვრთნელი; 2017 წელს ბაიერნის მწვრთნელის ასისტენტი. იმავე წლიდან, კარლო ანჩელოტის კლუბიდან წასვლის შემდეგ სანიოლი ბაიერნის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. 2021 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა.

დღის ამბები