17 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
ტექნიკური მთავრობის ფორმირების იდეა პრეზიდენტისგან და კონსულტაციები ოპოზიციასთან - "ქართული ოცნება" ქვეყნის გარედან მართულ პროცესებზე საუბრობს

ოპოზიციასთან ინდივიდუალური კონსულტაციები ევროპიდან თბილისში დაბრუნებისთანავე დაიწყო - ქვეყნის გარედან საჯაროდ გაკეთებული შეთავაზება სალომე ზურაბიშვილმა პარტიების წარმომადგენლებს უკვე პირისპირ გააცნო.

კოალიციის ნაცვლად ტექნიკური მთავრობა, რიგგარეშე არჩევნები, მომზადება ე.წ. გარდამავალი პერიოდისთვის - ქარტიაზე ხელმომწერებმა დოკუმენტის პირობებზე იმსჯელეს, თუმცა შეხვედრიდან გამოსულებმა კონკრეტული არაფერი თქვეს, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა მათ დასავლელი პარტნიორების მხრიდან სრული პოლიტიკური და მატერიალური მხარდაჭერა გადასცა.

ქარტიის ყველა პუნქტის ერთგული, ყველა ხელმომწერი არ არის. სწორედ რიგგარეშე არჩევნებსა და ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით აქვს ოპოზიციის ნაწილს წუხილები, რაც დღეს პრეზიდენტსაც გაუზიარეს. მთლიანად ქარტიის შესრულებას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ "გირჩი", რომელსაც ოპოზიციაში არსებული შეუთანხმებლობა არ უკვირს, თუმცა უკვირს, რატომ დათანხმდნენ მათი კოლეგები არარეალისტური დოკუმენტის ხელმოწერას.

პრეზიდენტის ჩართულობით მიმდინარე პროცესი მმართველი გუნდისთვის სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციის საარჩევნო კამპანია, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი, კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამომრჩევლის ნების უგულებელყოფას ცდილობს.

ვის განიხილავს სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში? - ამას, ჯერჯერობით, ვერავინ აკონკრეტებს. ორბელიანების სასახლეში დღეს, ოპოზიციის გარდა, მესამე სექტორის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

დღის ამბები