"დღის კურიერის" ეთერში პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი ჰერმან საბო საარჩევნო დაპირებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ "გირჩმა" საარჩევნო კამპანია რეალურ დაპირებებს დაუთმო.
"ძალიან ცდება ქალბატონი პრეზიდენტი თუ პარტიების ჩამოთვლისას, რომელიც ბარიერს გადალახავენ "გირჩს" არ ასახელებს, რადგან ჩვენ ყველა პირობა გვაქვს, რომ ბარიერი გადავლახოთ.
ამას თითქმის ყველა კვლევა, ჩვენ ეს ინფორმაცია მოგვდის ჭორად თუ არაჭორად, ადასტურებს, რომ ჩვენ უპრობლემოდ ვლახავთ ბარიერს. ერთია რა რიცხვები იწერება იმ კვლევებში, რომელიც ძირითადად გამოყენებულია როგორც იარაღი და არა რეალობის ასახვისთვის, ამის იქეთ უნდა შევხედოთ ამომრჩევლის თვალითაც, ამომრჩეველი კი უყურებს სიტუაციას, სადაც ხედავს "ქართულ ოცნებას" და თითქმის ყველა საარჩევნო დაპირება ჩავარდა. აქეთ გვაქვს ოპოზიცია, სადაც გამოსაძრომად დაპირებების თქმის ნაცვლად ქარტია აიფარა ფოთლად და როდესაც ჩნდება კითხვები, როგორი საქართველო გინდათ და ქოცებისგან განსხვავებული რა იქნება, ამბობენ, რომ ქარტიაში წერია.
ჩვენ კი საარჩევნო კამპანია დავუთმეთ არა ზიზღს და ერთმანეთის მიმართ "შე ასეთო, შე ისეთოს" ძახილს, არამედ ჩვენ დღეში ერთ დაპირებას ვდებთ და ყოველდღე განვიხილავთ დილის ლაივებში და საღამოს ლაივებშიც. თუ ამას უყურებს ქართველი ამომრჩეველი, მგონია, რომ გასაგები იქნება მისთვის თუ ვის უნდა მისცეს ხმა," - აცხადებს ჰერმან საბო.