04 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
ომი ახლო აღმოსავლეთში - ისრაელი "ჰეზბოლას" სამიზნეებზე დარტყმას განაგრძობს, საომარი მოქმედებების ზონაა ლიბანიც

ლიბანი საომარი მოქმედებების ზონაა. ისრაელი "ჰეზბოლას" სამიზნეებზე დარტყმას განაგრძობს და მათთან ერთად "ჰამასის" ლიდერებსაც კლავს. არ არის გამორიცხული, რომ ისრაელმა ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელოს.

ცახალის ცნობით, "ჰამასის" ორი მეთაურია ლიკვიდირებული - ტრიპოლიში საიდ ატალაი, ოჯახთან ერთად. საადნაილში კი ჰუსეინ ალ-ლავისი. ვისაც ფინანსური რესურსი ჰქონდა, ლიბანი უკვე დატოვა, სხვა ნაწილი საკუთარ ქვეყანაში იქცა დევნილად. ბეირუთის სანაპიროზე ლტოლვილთა კარვები გამოჩნდა.

საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია ყველაზე აქტიური ლიბანის სამხრეთითაა, თელ-ავივის ცნობით, აქ "ჰეზბოლას" ათობით ლიდერია ლიკვიდირებული. ტერორისტების გარდა დარტყმებს ჰყავს მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. ათობით საავადმყოფო დაიკეტა, ნაწილი კი გადავსებულია. ამ პირობებში ქვეყანა დახმარებას იღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან, მეზობელი თუ შორეული ქვეყნებიდან.

ცეცხლი, სავარაუდოდ, კიდევ დიდი ხანი არ შეწყდება, ახლოვდება 7 ოქტომბერი და ისრაელს გეგმები ბოლომდე აქვს მისაყვანი. მას სურს ირანის სატელიტებად დასახელებული ტერორისტული დაჯგუფებების სამხედრო და პოლიტიკური პოტენციალი სრულად გაანადგუროს. ამ მხრივ ცახალს აშკარა წარმატებები აქვს, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, "ჰეზბოლას" პოტენციური ლიდერი, ჰაშემ საფიედინე მასზე დარტყმის შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა. ისრაელის მედია წერს, რომ ისიც ლიკვიდირებულია.

ბუნებრივი რესურსებით ყველაზე მდიდარ რეგიონში განვითარებული მოვლენები ნეგატიურად აისახა ნავთობის ფასზე. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებულმა სარაკეტო იერიშმა გააჩინა კითხვა, თუ რა პასუხი ექნება თელ-ავივს. განიხილება, რომ მისი პასუხი ირანის ენერგეტიკულ რესურსებს უკავშირდება, თუმცა პარტნიორი ვაშინგტონი, ჩანს, რომ ამას არ ემხრობა.

ჩრდილოეთ ისრაელის ცაზე დღეს კვლავ ჰეზბოლას რაკეტების კვალი ჩანდა, რომლებიც "რკინის გუმბათმა" გაანეიტრალა. დაჯგუფება ამბობს, რომ მათ ისრაელის ავიაბაზასაც დაარტყეს ჰაიფაში, თუმცა ისრაელის ცნობით, 2 რაკეტიდან ერთი მოიგერიეს, მეორე კი ღია სივრცეში ჩამოვარდა. გართულებული ვითარების გამო რეგიონს უკვე ტოვებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

დღის ამბები