საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონსულტაციები დაიწყო, რომელიც გაფართოებულ ფორმატში, უკვე ოპოზიციურ პარტიებს შორის გაგრძელდება. სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ქალ ლიდერ შეხვდა, რომელთა თქმითაც მათ იმსჯელეს ე.წ. გარდამავალ პერიოდზე, ტექნიკურ მთავრობასა და რიგგარეშე არჩევნებზე, რასაც ქარტიის ხელმომწერთა ნაწილი არ ემხრობა.
"საუბარი იყო პოლიტიკურ პროცესზე - რომ კარგად და სწორად გავმართოთ ყველამ შემდეგი 5 კვირა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს სერიოზული და ისტორიული ცვლილება. გარდამავალი პერიოდისთვის უნდა მოვემზადოთ და ეს დრო სწორად გამოვიყენოთ, რომ რაღაც ცაიტნოტში არ მოვხვდეთ. რაც შეეხება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს - მათგან ყურადღება უზარმაზარია, გვერდში გვიდგანან. პრეზიდენტის თქმით, ჩვენ გვაქვს მათი მხარდაჭერა - როგორც პოლიტიკური, ისე მატერიალური. პრეზიდენტი გარკვეული ხიდია შიდა პოლიტიკურ პროცესსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის," - აცხადებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საუბარი შეეხებოდა იმ პროცესს, რომლის წარმართვასაც პრეზიდენტი აპირებს.
"ვისაუბრეთ იმ პროცესზე, რომლის წარმართვასაც პრეზიდენტი აპირებს - ამაში სიახლე არაფერია, იცით ყველამ, როგორ უყურებს ის "ქართული ქარტიის" შესრულების პროცესს. ჩვენ ამ ქარტიას ხელი მოვაწერეთ, რეფორმების ნაწილს ხელი მოვაწერეთ. ვთქვით, რომ ტექნიკურ მთავრობასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით გარკვეული სამართლებრივ-პოლიტიკური კითხვები გვქონდა და ამაზეც ვისაუბრეთ. არ ყოფილა საუბარი არც პრემიერობის და არც პოტენციური ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის კონკრეტულ კანდიდატებზე, უბრალოდ პრეზიდენტი აპირებს, რომ რაღაც პროცესი, რომელიც დაიწყო, გააგრძელოს გარკვეულ ფორმატში," - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრეზიდენტთან კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არ ყოფილა.
"ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ცვლილება მშვიდად და წყნარად განვახორციელოთ. შესაბამისად, ამ ყველაფერში პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. არანაირ კონკრეტულ დეტალებზე არ გვისაუბრია. მე ვრჩები ერთგული ქარტიაში გაწერილი ყველა პრინციპის, რომ პრემიერ-მინისტრი იქნება ზეპარტიული, რომ იქნება პროფესიონალების მთავრობა, ასევე, ქარტიაში წერია, რომ მათ აქვთ ორი კონკრეტული მანდატი - ევროპასთან მოლაპარაკების დაწყება და სამართლიანი არჩევნების მომზადება," - აცხადებს ელენე ხოშტარია.