ბრიტანულმა კინო აკადემიამ ბაფტას პრემიის ნომინანტები დაასახელა. გილიერმო დელ ტოროს ფილმს "წყლის ფორმა", ყველაზე მეტი ნომინაცია შეხვდა. სურათი, რომელიც სამხედრო ლაბორატორიის დამლაგებელზე და მუტანტზე გვიამბობს, 12 ნომინაციაზე წარადგინეს, მათ შორის საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორისა და მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიებზე.
9 ნომინაციაზე წარადგინეს, ოქროს გლობუსის პრემიის ტრიუმფატორი ფილმი "სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე". სურათი ბაფტას ჯილდოს მოპოვებას, საუკეთესო ფილმის, საუკეთესო ბრიტანული ფილმის, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო მსახიობის კატეგორიებში შეეცდება.
ამავე ნომინაციებში გამარჯვებისთვის იბრძოლებს უინსტონ ჩერჩილის შესახებ გადაღებული სურათი "ბნელი საათი". ფილმი 9 ნომინაციაზეა წარდგენილი, ჩერჩილის სახის შემქმნელი გარი ოლდმანი კი შესაძლოა, საუკეთესო მსახიობად დასახელდეს.
8-8 ნომინაცია შეხვდათ "სამართებელზე მორბენალს" და "დანკირკს". გამარჯვებულებს ბრიტანული აკადემია 18 თებერვალს დააჯილდოებს.