19 აპრილი 2024,   07:39
ვრცლად
თურქეთის კლინიკას აქვს რეანიმაციული თვითმფრინავი მზად, რომ ჩამოვიდეს და თემირლანი წაიყვანოს, მაგრამ ამათ არ აწყობთ - თემირლან მაჩალიკაშვილის და

„თურქეთის კლინიკას აქვს რეანიმაციული თვითმფრინავი მზად, რომ ჩამოვიდეს და თემირლანი წაიყვანოს, მაგრამ ამათ არ აწყობთ,“ - ეს განცხადება თემირლან მაჩალიკაშვილის დამ, ნატა მაჩალიკაშვილმა 19 წლის დაჭრილი ახალგაზრდის თურქეთში ტრანსპორტირების აუცილებლობაზე საუბრისას გააკეთა. ნატა მაჩალიკაშვილის თქმით, თურქეთს შეუძლია, თავისით უზრუნველყოს მისი ძმის ტრანსპორტირება.

ნატა მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ქართული მხარე მათთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ფრენას ვერ გადაიტანს.

„მოვითხოვთ, რომ თურქეთიდან ჩამოიყვანოს ის რეანიმაციული თვითმფრინავი და მაგით წაიყვანონ ჩემი ძმა,“ - აცხადებს ნატა მაჩალიკაშვილი.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ტრანსპორტირების დაფინანსებასაც მოითხოვს.

„გვინდა, რომ დააფინანსონ ტრანსპორტირებაც, როგორც მკურნალობას აფინანსებენ, ახლა თქვეს, რომ მკურნალობას დავაფინანსებთო,“ - განაცხადა ნატა მაჩალიკაშვილმა.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის დირექტორი, ზურაბ უტიაშვილი აცხადებს, რომ თურქეთში გადაყვანის პროცედურა გარკვეულ დროს მოითხოვს. ზურაბ უტიაშვილი აღნიშნავს, რომ თურქეთის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებთან წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკა ნაკლებადაა ჩართული.

თერმილან მაჩალიკაშვილი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები