20 აპრილი 2024,   07:37
ვრცლად
"ვინც დაჭერილია, ყველა უდანაშაულოა, სუს-ის გადაღებული არაფერი მწამს"- პანკისელები კიდევ ერთ სპეცოპერაციას ეხმაურებიან

პანკისის მცხოვრებლები ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით კიდევ ერთი დაკავებულის, ზურაბ იდოიძის აჰმედ ჩატაევთან კავშირს გამორიცხავენ. ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდობიან. ადგილობრივების თქმით, სოფელ ომალოში ზურაბ იდოიძის სახლის ჩხრეკისას მხოლოდ კომპიუტერი ამოიღეს, მას იარაღი არ ჰქონია.

„უდანაშაულო ბალღია წაყვანილი. ვინც დაჭერილია, ყველა უდანაშაულოა. ჩატაევი შემოიყვანაო, ჩატაევი ვინ შემოიყვანა, თვითონ მთავრობამ არ მოიყვანა, თუ შემოვიდა, ეგეც დაზუსტებით არ ვიცით, არის თ არა ჩატაევი. სუს-ის გადაღებული არაფერი მწამს, არც უხუცესების მწამს,“- განაცხადა მალხაზ მუთოშვილმა.

ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აიყვანა. ათამდე სპეცრაზმელის მიერ ოჯახში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ამოღებულია იდოიძის პირადი კომპიუტერი.

სუს-ი ამტკიცებს, რომ ზურაბ იდოიძეა ის პიროვნება, რომელმაც ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად აჰმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს თურქეთის ქალაქ ხოფაში მიაკითხა და ავტომობილით საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე მიიყვანა.

ზურაბ გორნაკაშვილის ძმა "კურიერთან" ამბობს, რომ იდოიძეს უბრალოდ იცნობდა და მასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. უხუცესთა საბჭოს წევრები მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. 

გამოძიება ზურაბ იდოიძეს ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერას ედავება. სასჯელი 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობაა. 

ავტორი: ია გულიაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები