იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრის პროცესი დასრულებულია. საბჭომ 34 ვაკანტურ პოზიციაზე შეარჩია სასურველი კანდიდატები, 18 პოზიცია კი კვლავაც ვაკანტური დარჩა. საბჭომ წარმატებული კანდიდატების ნაწილი უვადოდ, ნაწილი კი, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით გაამწესა. უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებს შორის კი, არიან საბჭოს მოქმედი წევრებიც.
უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებს შორის ვერ მოხვდა გიორგი არევაძე, რომელმაც კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. არევაძე სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გამოუტანა განაჩენი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ვარაუდობს, რომ გიორგი არევაძეს განაცხადი საკუთარი ნებით არ გაუტანია.
„ჩვენ ვიცით, სხვა მაგალითები იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში, როდესაც სენსიტიურ, ძალიან რეზონანსულ საქმეებზე მომუშავე მოსამართლეები აღარ გამწესდნენ თანამდებობზე. შესაბამისად, მე არ ვფიქრობ, რომ მან თავის ნებით გაიტანა განაცხადი და ეს მისი გადაწყვეტილებაა. შესაძლებელია ვივარაუდო, რომ სამომავლოდ, არ არის გამორიცხული, რომ მანაც გაიზიაროს იგივე ბედი, როგორც სხვა მოსამართლეებმა, რომლებიც არიან ახლა ყოფილი მოსამართლეები და ისინი აღარ არიან სისტემაში. ამიტომ, ამის ლეგიტიმური მოლოდინი მაქვს,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
არევაძის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მიზეზით მოხსნა არევაძემ საკუთარი კანდიდატურა კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე.
„მიზეზები არ მიკითხავს და განცხადება დასაბუთებას არ მოითხოვს ამ შემთხვევაში და არც შეიცავს. ეს არის გუშინ გაკეთებული განცხადება, ამის შემდეგ მე არც ბატონ გიორგისთან და არც სხვა კანდიდატებთან, რომელთაც უარი თქვეს კენჭისყრის პროცესში მონაწილეობაზე, კომუნიკაცია არ მქონია და მიზეზებს ვერ გეტყვით ნამდვილად, იმიტომ, რომ არ არის ჩემთვის ცნობილი,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.