უამინდობამ მაღალმთიან რეგიონებში გზებზე მოძრაობა შეაფერხა.
ძლიერი თოვლის, რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო, კალა-უშგულის ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდულია, ნაქერალას უღელტეხილზე და გუდაური-კობის მონაკვეთზე კი მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება.
უამინდობის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება კალა-უშგულის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, დანარჩენ მონაკვეთებზე კი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დღეს საღამოს ისევ მოთოვს. თბილისსა და რეგიონებში ნისლიანი ამინდი და თოვა რამდენიმე დღეს გაგრძელდება.