21 დეკემბერი 2024,   19:03
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე - ჟურნალისტს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

აფგან მუხთარლი პატიმრობაში 6 წელს გაატარებს - ასეთია აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილება. ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კი საზღვრის უკანონო გადაკვეთაა.

მერვე თვე გადის, რაც აფგან მუხთარლი ამტკიცებს, რომ შინისაკენ მიმავალი ქართველი სამართალდამცავების ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მანქანაში ჩატენეს, გაიტაცეს და აზერბაიჯანში ლაგოდეხის ოფიციალური სასაზღვრო პუნქტიდან გადაიყვანეს.
აზერბაიჯანში ის დააპატიმრეს.

ბრალდების მიხედვით კი, ის საზღვარზე თავად გადადიოდა უკანონოდ, თან დიდი ოდენობით თანხაც ჰქონდა და თან მესაზღვრეზეც იძალადა.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა თავად აღწერა, სად, როდის და როგორ გაიტაცეს.

თითქმის ყველგან, რომელ ადგილებსაც აფგანი აღწერს, კამერებია დამონტაჟებული, იმ ქუჩიდან დაწყებული, სადაც ის აიყვანეს, დამთავრებული ლაგოდეხის საზღვრამდე. მიუხედავად ამისა, აფგან მუხთარლის საქმეში მტკიცებულების სახით სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ვერ მოხვდა. ვიდეომასალა არ მისცეს დაცვის მხარესაც.

 

აფგან მუხთარლის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომ ის საქართველოდან სპეცსამსახურებმა გაიტაცეს, გამოძიება დაიწყო, თუმცა, რა ეტაპზეა საქართველოში მიმდინარე გამოძიება, ჯერ უცნობია.

ინფორმაციას, აფგან მუხთარლის გატაცების თაობაზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, არ ფლობს არც სახალხო დამცველი.

დღის ამბები