22 დეკემბერი 2024,   10:06
ვრცლად
გიორგი ჭანტურიას ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ დავით ბლუაშვილი სამსონ ქუთათელაძეს ემუქრებოდა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე და ურთიერთბრალდებები ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილ მოწილეებს შორის - დავით ბლუაშვილის ბრალდებებს გიორგი ჭანტურიას ადვოკატი, ანა კეკელიძე პასუხობს.

დღეს მან „კურიერს“ ერთ-ერთი მოწმის ჩვენებები გადასცა, სადაც პირდაპირ არის საუბარი, რომ დავით ბლუაშვილი სამსონ ქუთათელაძეს ემუქრებოდა.

ანა კეკელიძის თქმით, ოჯახის აზრით, პოლიცია ზეწოლას ახდენს და ავალებს კონკრეტულ პირებს, რომ დეზინფორმაცია გაავრცელონ. ადვოკატის თქმით, ბლუაშვილი პირველ ჩვენებაში ჭანტურიას არ ახსენებს, ხოლო მეორეში მხოლოდ ჭანტურიაზე საუბრობს.

„ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელსაც ბაზართან თითქმის ყოველდღიური შეხება ჰქონდა და ის ინფორმირებული იყო, ზოგადად, სამსონ ქუთათელაძეს და სხვა პირებს შორის ურთიერთობებზე, სწორედ ის ადამიანი საუბრობს, რომ დავით ბლუაშვილი დეკემბრის ბოლოს სამსონ ქუთათელაძეს ემუქრებოდა და მას გარკვეული თანხის გადახდას სთხოვდა,“ - აცხადებს ანა კეკელიძე.

ადვოკატი ასევე, აცხადებს, რომ სავარაუდოდ გენერლის მკვლელობაში გარეული ადამიანები, ჭანტურიების ოჯახისთვის ცდილობენ გადაბრალებას.

„ჩვენ გვიჩნდება რეალურად ეჭვი იმის შესახებ, რომ ადამიანები, რომლებიც, შესაძლოა, გარეულნი იყვნენ გარკვეულწილად მკვლელობის საქმეში, ისინი ცდილობენ ისრების გადმომისამართებას ჩვენკენ,“ - განაცხადა ადვოკატმა.

 

დღის ამბები