18 იანვარი 2022,   21:27
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმმა ახალი რეგულაციები აამოქმედა და ახალგორში ე. წ. საბაჟო პუნქტი გახსნა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხორც-პროდუქტებისა და რძის ნაწარმის შეტანა აიკრძალა, სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე კი შეზღუდვები დაწესდა.

საოკუპაციო რეჟიმმა ახალი რეგულაციები აამოქმედა და ახალგორის რაიონში ე. წ. საბაჟო პუნქტი გახსნა.

ტვირთს, რომელიც მოსახლეობას ე. წ. საზღვარზე გადაჰქონდა, ახლა რუსეთის ФСБ-ს წარმომადგენლებთან ერთად, ე. წ. მებაჟეები და ფიტოსანიტარიის სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ.

ახალი რეგულაციით, მოსახლეობას ე. წ. საზღვარზე თვეში მხოლოდ 50 კილოგრამი ტვირთის გადატანის უფლება აქვს, ხოლო კომერციული დანიშნულების საქონელზე საბაჟო გადასახადის გადახდა მოუწევთ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ე. წ. საბაჟო პუნქტი საქართველოდან კონტრაბანდის აღკვეთისა და ბიუჯეტის შევსების მიზნით ამოქმედდა.

„აქამდე მოვაჭრეებს პროდუქცია უკანონოდ შემოჰქონდათ. ისინი ქირაობდნენ რაიონის მცხოვრებლებს, რომლებსაც საზღვარზე ყოველჯერზე 50 კილოგრამი ტვირთი ავტობუსით გადაჰქონდათ. სწორედ ამიტომ სამხრეთ ოსეთის მთავრობამ საქართველოს საზღვართან საბაჟო პუნქტის აგება გადაწყვიტა, სადაც ყოველდღიურად 4 თანამშრომელი იმუშავებს. დაშვებულია მხოლოდ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის, ანუ ხილის და ბოსტნეულის შემოტანა,“ - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე. წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მურატ ცხოვრებოვმა.

დღის ამბები